მიმდინარე დაგეგმვა გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესის ყოველკვირეულ დაგეგმვას, რომლის დროსაც აღმზრდელი პარალელურად ფიქრობს სხვადასხვა მიმართულებებზე: რა არის ჩემი ჯგუფის ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები? რა არის მთლიანი ჯგუფის საჭიროებები? კურიკულუმის რა მიზნებზე უნდა გავიდე ბავშვებთან? რა საქმიანობები/გამოწვევები უნდა შევთავაზო მათ ამ მიზნების მისაღწევად და ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? რა რესურსი მჭირდება ამისთვის? როგორ გავანაწილო დაგეგმილი საქმიანობები დღის განმავლობაში და ა.შ., - აღნიშნულია ბაღის აღმზრდელებისთვის შექმნილ მეთოდურ სახელმძღვანელოში.
ამ კითხვებიდან გამომდინარე, აღმზრდელს სჭირდება ცხრილი, რომელიც დაეხმარება ყოველივე ზემოთ თქმულის თავმოყრაში, დაეხმარება პროცესის, საკუთარი პრაქტიკის ორგანიზებაში.
ასევე, გასათვალისწინებელია განრიგი და ფიზიკური გარემოს ჩარჩო, რითაც ადრეული განათლების დაწესებულებაში იფარგლება აღმზრდელი.
აღმზრდელის განრიგის უცვლელი კომპონენტებია:
► ბაღში მოსვლა
► ჯგუფური შეხვედრა (დილის, საღამოს)
► ტრანზიციები
► კვება (საუზმე, სადილი, სამხარი)
► თამაში/ეზო (დღის განმავლობაში)
► ძილი
► სახლში წასვლა
მიუხედავად იმისა, რა არის დღის თემა, რა მიზნები აქვს აღმზრდელს წინასწარ განსაზღვრული, განრიგის ეს კომპონენტები ბაღის სივრცეში ყოველდღე, აუცილებლად ხდება (შესაძლოა, სხვა თანმიმდევრობით) და სწორედ მათ შორის უნდა განაწილდეს დაგეგმილი თუ დაუგეგმავი აქტივობები.
ფიზიკური გარემოს კომპონენტებია:
► ჯგუფური შეხვედრები/კუბურები
► ხელოვნება
► წიგნიერება
► დრამატული თამაშები
► მეცნიერება/ სენსორული მაგიდა
► სამაგიდო
► და სხვა ცენტრები
ეს ცენტრები, თავისთავად, სხვადასხვა სახის თამაშის შესაძლებლობასა და მათთვის საჭირო რესურსების ორგანიზების საშუალებას იძლევა. სწორედ ამის გათვალისწინებით, აღმზრდელმა უნდა დაგეგმოს აქტივობა, გამოწვევა თუ თამაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე გეგმა აღმზრდელმა ცხრილში უნდა აწარმოოს, რომელშიც უნდა ასახოს:
► თემატური მიმართულებებისა და თემები/პროექტების შესაბამისი დაგეგმილი თამაშები და გამოწვევები;
► ფიზიკური გარემო, გარემოში და რესურსებში შესატანი ცვლილებები;
► სტრატეგიები ჯგუფის ერთობისა და კვლევა-აღმოჩენის ხელშეწყობისათვის;
► სტრატეგიები რუტინული საქმიანობებისა და ტრანზიციების ეფექტურად განსახორციელებლად და მთელი დღის კონტექსტისთვის.
► რეფლექსია განხორციელებულ პრაქტიკაზე.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება
რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება