დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში აიკრძალება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერები - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის განმარტება
20.09.2023

საბავშვო ბაღებში სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძლო აკრძალვის საკითხის შესახებ გავრცელებული ხმების გამო დასმულ კითხვას, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ხითარიშვილი პასუხობს და ამბობს, რომ არსებული ავტორიზაციის სტანდარტები სათვალთვალო ვიდეო კამერებს სავალდებულოდ არ ითხოვს და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დეტალები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დაარეგულირონ.

„ამ საკითხის რეგულირებას მიყავხართ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან და, აღნიშნული კანონის მიხედვით, თუ პირდაპირი ტრანსლაცია ხდება სასწავლო პროცესის, მაშინ ეს უნდა იყოს შეთანხმებული თითოეულ მშობელთან და იმ აღმზრდელ-პედაგოგთან, ვინც შედის ამ ჯგუფში. ამ შემთხვევაში, თუ ერთი მშობელი მაინც იტყვის უარს, არ გაქვთ უფლება გააკეთოთ პირდაპირი ტრანსლაცია. პირდაპირი ტრანსლაციის დროს, არ გაქვთ გარანტია, რომ იმ მშობლის შვილი, ვინც უარი განაცხადა ბავშვის კამერებში გამოჩენაზე, იქ არ მოხვდება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. გირჩევთ, თუ გაქვთ ბაღში ასეთი სერვისი, გადაამოწმოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სააგენტოსთან, მაგრამ ჩვენ როცა მოვიკვლიეთ, ასეთი პასუხი მივიღეთ“, - ამბობს ხითარიშვილი.

აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად, საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს თითოეული ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, რომელიც კეთდება იმისთვის, რომ რაიმე ინციდენტის შემთხვევაში მისი გამოძიება და მოკვლევა მოხდეს და არ მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია, აუცილებელია, მშობლებმა და კანონიერმა წარმომადგენლებმა ამის შესახებაც იცოდნენ.

„მშობლებმაც და იმ აღმზრდელ-პედაგოგმაც, ვინც შედის ჯგუფში, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ჩანაწერი კეთდება, მაგრამ ამ ჩანაწერთან წვდომა უნდა იყოს შეზღუდული და გაწერილი, ვის აქვს მასზე წვდომის უფლება, ვინ ინახავს, რამდენ ხანში იშლება ეს მონაცემები და ა.შ.“, - ამბობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

 იხილეთ ასევე:

„როდესაც ახალ საბავშვო ბაღს ვათვალიერებდით, მშობლები ხუმრობდნენ, ბაღია თუ უნივერსიტეტიო“ - კახა კალაძე

სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს: „2024 წელი დაეთმობა თქვენს ტრენინგებს, თქვენს გაძლიერებას“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი