„წლის ბოლომდე კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი იქნება განხორციელებული, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა ბაგა-ბაღები. ბაგა-ბაღები ყველანაირად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენი შვილებისთვის, პატარებისთვის. მე არ დავიწყებ ტრაბახს, ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ მიმართულებით ყველანაირი თვალსაზრისით - ინფრასტრუქტურის, კვების მიმართულებით. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ვითარება და, რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით, რომ ჩემი, როგორც ქალაქის მერის პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ ყველაფერში და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დამსახურება არის ჩემი თანაგუნდელების და კონკრეტულად იმ ადამიანების, ვინც უშუალოდ ამ მიმართულებაზე მუშაობს“, - ამბობს კალაძე და იმ პროექტებზე საუბრობს, რომლითაც თბილისის ბაღები ახალ სასწავლო წელს შეხვდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ, აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში მომუშავე თითოეული ადამიანისათვის. ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარების აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე...
ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებში და სანიტარულ-ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობითი სამუშაოები. საბავშვო ბაღები აღვჭურვეთ თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით. განხორციელდა პერსონალის გადამზადება და მათი სერტიფიცირება.
თბილისში, ყველა საჯარო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა - ჰასპი. ამ ღონისძიების გატარების შემდეგ, გადავდივართ საერთაშორისო, უფრო მაღალ სტანდარტებზე. ჰასპი გახლავთ საფრთხის, ანალიზისა და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რომელიც საიმედოდ იცავს კვების უსაფრთხოებასა და საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკური საფრთხეებისგან, მათი წარმოქმნის პრევენციას და აღმოფხვრას საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულ სისტემას აღიარებს როგორც აშშ, ევროკავშირი, ასევე ჩვენი შიდა, ეროვნული კანონმდებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს დედაქალაქის მერი.
კახა კალაძემ ახალ საბავშვო ბაღებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი ახალ სასწავლო წელს სამი ახალი ბაღით შეხვდა - 130-ე სამგორის რაიონში, 125-ე ჩუღურეთის რაიონში და 108-ე საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში.
გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელსაც სამზარეულოს ლიფტები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა აქვს
„როდესაც 130-ე საბავშვო ბაღს ვათვალიერებდით, მშობლები ხუმრობდნენ, საბავშვო ბაღია თუ უნივერსიტეტიო, ისეთ მაღალ დონეზეა გაკეთებული და ყველა პირობაა შექმნილი ჩვენი შვილებისთვის“, - ამბობს თბილისის მერი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება