ბათუმში, ბაგრატიონის, ქათამაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ბაღები გაიხსნა.
ახლადგახსნილ ბაღებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ესტუმრა, ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ბაღების მშენებლობისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი იყო გათვალისწინებული, რაც ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის არის დადგენილი.
ბათუმის მერის ინფორმაციით, წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.
თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 150-მდე ადამიანი დასაქმდა. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები. ბაღებს აქვს კეთილმოწყობილი ეზოები, სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. სამივე ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება
საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ვაკანსია გამოაცხადა - ანაზღაურება ათასი ლარია