„გახსოვთ თქვენი პირველი გამოცდილება და შთაბეჭდილება, როდესაც ბაღში მიხვედით? რაზე ღელავდით ყველაზე მეტად ან რა გამშვიდებდათ? თქვენი გამოცდილების გახსენება შეიძლება დაგეხმაროთ, კარგად გაიაზროთ ბავშვის ემოციური მდგომარეობა, თუმცა გვახსოვდეს, რომ მისი გამოცდილება უნიკალურია და ნაკლები შანსია იმისა, რომ ის, რაც ჩვენ გადაგვხდა, მასაც შეემთხვას“, - აღნიშნულია სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“.
ბუნებრივია, საბავშვო ბაღში მისვლის საწყის პერიოდში ბავშვს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე შემდგომ.
რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ბავშვს ახალ გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციაში დაეხმარება:
► მშობელთან ერთად ბაღში ყოფნა სწორედ ისაა, რაც ბავშვს სჭირდება, რადგან თავს ასე უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. ეს უბიძგებს მას, გაიცნოს თანატოლები და მასწავლებელი, თავისუფლად ითამაშოს, შეისწავლოს გარემო. როდესაც ბავშვი ღელავს, ბუნებრივია, რომ მისი ინტერესი და მოტივაცია, ჩაერთოს კომუნიკაციასა და აქტივობებში, კლებულობს. ბაღში ყოფნის დროს მაქსიმალურად წაახალისეთ ბავშვის ინიციატივა, დაეხმარეთ უფროსებთან და თანატოლებთან კომუნიკაციაში.
► განსაზღვრეთ ბაღში გატარებული დროის ხანგრძლივობა. რეკომენდებულია, რომ თავდაპირველად ბავშვმა ბაღში რამდენიმე საათი გაატაროს და არა სრული დღე. ახალი გამოცდილებები ერთგვარი ემოციური შთაბეჭდილებებია, რაც გარკვეულ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად ვეცადოთ, რომ ბავშვი ძალიან არ გადაიტვირთოს. თანდათან გაახანგრძლივეთ ბაღში ყოფნის საათები და ამასთანავე, ეცადეთ, ნაკლებად აქტიური როლი გქონდეთ. დაჯექით მოშორებით, რამდენიმე წუთით ეზოში გადით და დაბრუნდით. ასე ბავშვს ასწავლით,რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მხედველობის არეს ეფარებით, ყველაფერი უსაფრთხოდაა.
► მასწავლებელთან შეთანხმებით დაგეგმეთ ბავშვის თქვენ გარეშე დარჩენის ოპტიმალური დრო და ხანგრძლივობა. მანამ, სანამ ბავშვთან ერთად დროს თქვენც ატარებთ საბავშვო ბაღში, დააკვირდით, როდის, რომელი აქტივობების დროს გრძნობს თავს ყველაზე კარგად, მაგალითად, ეზოში ყოფნის, კვების თუ ზღაპრის კითხვის დროს. მარტო დარჩენას თამაშში ჩართულობა და მასზე კონცენტრირება გაუიოლებს. სასურველია, თავდაპირველად, მცირე ხნის განმავლობაში დარჩეს, შემდეგ კი – თანდათანობით გაზარდეთ დრო.
► წასვლის დროს დაემშვიდობეთ, მიუხედავად იმისა, რომ განშორების მომენტი შეიძლება ემოციური იყოს როგორც ბავშვისთვის, ასევე თქვენთვის. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ როცა ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს, სჯობს, მალულად წახვიდეთ, მაგრამ ბავშვი აუცილებლად მოგიკითხავთ და შემდეგ ჯერზე უნდობლობის განცდა გაუჩნდება.
► მკაფიოდ აუხსენით, როდის დაბრუნდებით. ბავშვები დროს ისე ნათლად ვერ აღიქვამენ, როგორც უფროსები. არაეფექტურია ვუთხრათ, რომ მალე, რამდენიმე საათში დავბრუნდებით. უმჯობესია, წასაყვანად მიკითხვის დრო ბაღში მიმდინარე რამე აქტივობას დაუკავშიროთ და ამისთვის გამოიყენოთ ბაღის აქტივობების ვიზუალური ცხრილი. ცხრილში სურათებით ან ნახატებითაა მოცემული საბავშვო ბაღის დღის რუტინა და შეგიძლიათ აჩვენოთ ბავშვს, ზუსტად რომელი აქტივობის დროს დაბრუნდებით. პროცესში ჩართეთ მასწავლებელიც, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი თქვენს დაბრუნებაზე კითხვას დასვამს, მან ვიზუალურ ცხრილზე მიუთითოს კონკრეტული მომენტი.
► იყავით თანმიმდევრული. მასწავლებელთან ერთად შეთანხმებული ადაპტაციის პროცესის გეგმაზე მიყოლა მნიშვნელოვანია. დღეების გაცდენამ ან გეგმიდან გადახვევამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს შეგუების პროცესზე.
► ესაუბრეთ ბავშვს თავისი განცდებისა და ემოციების მნიშვნელობაზე. აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეთ.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულების 9 რეკომენდაცია - „ამგვარად აღმზრდელებსაც დაეხმარებით“
„დარჩით შვილებთან ერთად“ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მშობლებს აფრთხილებს