„თუ მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილისთვის ნაადრევია სკოლაში შეყვანა, მას უფლება აქვს დატოვოს ბაღში“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვინც 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდეა დაბადებული.
„ეს ნებაყოფლობითია და თუ მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილისთვის ნაადრევია სკოლაში შეყვანა, უფლება აქვს, დატოვოს ბაღში და შემდგომ წელს შეიყვანოს. თუმცა, იმ მომართვიანობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დაგვიგროვდა, დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ვადის გადმოწევა. თუ გახსოვთ, იყო თხუთმეტი სექტემბერი, შემდგომ გავხადეთ პირველი ოქტომბერი და წელს გვაქვს უკვე პირველ ნოემბრამდე. წელს უკვე ყველა შევიდა სკოლაში, ვინც პირველ ნოემბრამდე იყო დაბადებული და სწორედ სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მატებასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელიწადში ერთი თვით გადავწიოთ. ანუ, შემდეგ წელს ეს უკვე იქნება პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის და კიდევ შემდეგ წელს 31 დეკემბრამდე. ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე სამართლიანი და სწორი წყალგამყოფი, სადაც უნდა გავჩერდეთ და შემდგომ უკვე მშობელმა თავად გადაწყვიტოს, უნდა შეიყვანოს ბავშვი, თუ არა. ამიტომ, ეს სიახლე წელს ნამდვილად გვაქვს და კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
იხილეთ ასევე:
განათლების სამინისტრომ სკოლამდელ აღზრდაზე გამოცდილება ტაჯიკეთს გაუზიარა
„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი