2025 წლიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი იწყება. მანამდე კი მათ თვითშეფასება უნდა მოახდინონ. სწორედ თვითშეფასების შედეგების მიხედვით განისაზღვრება, როდის გაივლის ბაღი ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება.
ავტორიზაციის განრიგი, კანონის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა უნდა შეადგინოს. ამ განრიგში როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღები ერთნაირად იქნებიან გათვალისწინებული და ის თვითშეფასების შედეგებს დაეფუძნება. ავტორიზაციის განრიგი, საბოლოოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული განრიგი 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დამტკიცდეს.
„მნიშვნელოვანია, თვითშეფასების პროცესში ყველა აქტიურად ჩაერთოს და რეალური ინფორმაცია ავსახოთ. ავტორიზაციის განრიგით გათვალისწინებული იქნება, რომელმა ბაღმა რომელ წელს უნდა გაიაროს ავტორიზაცია. შესაბამისად, მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა წარმოადგინოთ ავტორიზაციის განაცხადი. მაგალითად, თუ 2025 წლის აგვისტოში გიწევთ ავტორიზაცია, 2025 წლის იანვარში, ანუ 6 თვით ადრე უკვე უნდა წარმოადგინოთ ეს განაცხადი... ავტორიზაციისთვის უნდა წარმოადგინოთ თვითშეფასების ფორმა. აღნიშნული ფორმის შევსების ინსტრუქცია დეტალურად, რომელ გრაფაში რა უნდა ჩაწეროთ და რა უნდა გაითვალისწინოთ, უკვე არსებობს“, - უთხრა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის საჯარო განხილვის დროს.
რა ხდება მაშინ, თუ ახალი საბავშვო ბაღი იხსნება? ამ კითხვაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ასე პასუხობს:
„თუ ახალი ბაღი იხსნება, ამ შემთხვევაში ეს ვადები არ არის გათვალისწინებული. როგორც კი შემოიტანს განაცხადს, იმ თარიღიდან 180 დღის განმავლობაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული... მათ რეგისტრაცია არ ეხებათ, პირდაპირ გადიან ავტორიზაციას და ისე შემოდიან სისტემაში. გასათვალისწინებელია, რომ ახალი ბაღი ვერ დაიწყებს ბავშვების მიღებას იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება... 2023 წელს თუ დაფუძნდა ბაღი, ჯერ უნდა გაიაროს ავტორიზაცია და მერე დაიწყოს ფუნქციონირება... თუ თქვენ აშენებთ ახალ ბაღს, ჩემი რჩევა იქნება, პარალელურად დაიწყოთ დოკუმენტების მოწესრიგება. როდესაც ბაღის აშენება დასრულდება, დოკუმენტები გქონდეთ მოწესრიგებული და შემოიტანოთ განაცხადი ავტორიზაციაზე... ავტორიზაცია უფასოა როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებისთვის“.
დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 4 წელია.
იხილეთ ასევე:
„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი
ვინ შეიძლება დაინიშნოს საბავშვო ბაღის მეთოდისტად და რა შედის მის უფლება-მოვალეობებში