„ჩემი შვილი ხუთი წლის და ოთხი თვის არის და ვერ ამბობს „რ“-ს და „ყ“-ს. სანერვიულოა ამ ასაკში და უნდა მივიყვანო ლოგოპედთან?“, - ასეთი კითხვა დასვა მშობელმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში.
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად skolamdelebi.ge ლოგოპედ თამარ ლუხუმაიძეს დაუკავშირდა.
„საარტიკულაციო აპარატის ჩამოყალიბება და ფორმირება 5 წლის ასაკამდე მიმდინარეობს. იქედან გამომდინარე, რომ რ ბგერის წარმოთქმა საკმაოდ რთულია, ყველაზე ბოლოს ხდება მისი დაყენება. თუ რაიმე გამოხატული ანატომიური ნაკლოვანება არ არის, 5-6 წლის ასაკშიც შესაძლებელია საარტიკულაციო ვარჯიშებით და მასაჟით გამოვასწოროთ.
რაც შეეხება ყ ბგერას, ყელზე თითის დაჭერით ბავშვს შევაგრძნებინებთ, საიდან მოდის ეს ასო და, როგორც წესი, ვარჯიშის შემდეგ გამოსდით. თუ ანატომიური დეფექტი არ არის, თვითონაც შეიძლება გამოსწორდეს რ-ც და ყ-ც“, - ამბობს ლოგოპედი.
რა ითვლება ამ შემთხვევაში ანატომიურ დეფექტად და როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ასეთ პრობლემასთან აქვს საქმე? ამ კითხვის საპასუხოდ თამარ ლუხუმაიძე განმარტავს:
„ანატომიურ დეფექტად ითვლება მოკლე ენა, ენის ლაგამი, მოდუნებული ენა, სასის მაღალი თაღი და ა.შ. თუმცა ასეთ დროსაც კი შეიძლება საარტიკულაციო ვარჯიშებით და მასაჟით ბგერა დავაყენოთ. რაც შეეხება იმას, როგორ მიხვდეს მშობელი, უმჯობესია, სპეციალისტმა შეაფასოს. 5 წლის და 4 თვის ბავშვი უკვე სასკოლო ასაკის არის და სკოლაში რომ არ დაკომპლექსდეს, ჯობია, სკოლაში წასვლამდე ლოგოპედმა შეამოწმოს და გამოიტანოს დასკვნა - ანატომიურად აქვს დეფექტი თუ ვარჯიშით შეიძლება გამოსწორება“.
იხილეთ ასევე:
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს - რჩევები
სტომატოლოგის პრაქტიკული რჩევები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის