სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაწილში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი უკვე დაიწყო, 18 სექტემბერს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი ამოქმედდება.
რა სიახლეებია და როგორ ხვდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ახალ, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელს, ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების გაერთიანებები აქვეყნებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მობილიზებული და მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო აღსაზრდელებისათვის. ასევე ფუნქციურად დაიტვირთა ეზოს გარე სივრცეები, სადაც ბავშვებს ხალისიანი თავგადასავლები ელოდებათ.
„ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, შეძენილ იქნა დასასუფთავებელი საშუალებები, საკანცელარიო ნივთები, ჭურჭელი სამზარეულოსათვის და ბავშვებისთვის, საბავშვო ბაღებში საჭიროებისამებრ ჩატარდა კოსმეტიკური და სხვა სახის სარემონტო სამუშაოები“,- იუწყება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება ქალაქის მე-3 და სოფელ ნატანების საბავშვო ბაღებში, აღნიშნული ბაღების სრული რეაბილიტაციის გამო. მე-3 ფილიალში რეგისტრირებული აღსაზრდელები გადანაწილდებიან ახლომდებარე საბავშვო ბაღებში. ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ამ ეტაპზე არ განახლდება თხინვალის, ნაგომრის, შრომა N2-ის და შრომა N1-ის საბავშვო ბაღებში.
„ცენტრში შემავალი ყველა საბავშვო ბაღი მობილიზებული ხვდება ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას. დასუფთავდა ეზოები, შეძენილი იქნა სამეურნეო საქონელი, ყველა აუცილებელი საშუალებით და კვების პროდუქტებით მომარაგდა საბავშვო ბაღები. ყველა ფილიალში შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული ფიზიკური გარემო“, - იუწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.
ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის საბავშვო ჭურჭელი, სამზარეულოსთვის განკუთვნილი ინვენტარი, საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი შეიძინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი ბაღების გამგეებთან შეხვედრით დაიწყო.
„შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა, აღსაზრდელთა მიღების მზაობასთან დაკავშირებული საკითხები. სსდმ ცენტრის სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებმა მეთოდური, ჯანდაცვა-უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მიმართულებით გასცეს საჭირო რეკომენდაციები“, - იუწყება მართვის ცენტრი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა საბავშვო ბაღს ელექტრო-ტექნიკა, ჭურჭელი, სათამაშოები და წიგნები გადაეცა. პერსონალისთვის შეძენილი იქნა სპეციალური უნიფორმები. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად შემუშავდა ახალი დღის განრიგი და გაიწერა 10-დღიანი პერსპექტიული მენიუ შემოდგომა-ზამთრისთვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 1825 აღსაზრდელი ირიცხება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი მობილიზებული და მომზადებული ხვდება ახალ 2023-24 სასწავლო წელს, - გვამცნობს ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანება.
„მოეწყო შიდა და გარე სივრცეები აქტივობების და პრეზენტაციებისათვის. გადაახლებულია ცენტრები, შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული ფიზიკური გარემო აღსაზრდელებისათვის. ასევე ფუნქციურად დაიტვირთა ეზოს გარე სივრცეები, სადაც ბავშვებს ხალისიანი თავგადასავლები ელოდებათ.
საბავშვო ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოები. სურსათით მომარაგდა ყველა საბავშვო ბაღი. ასევე შეძენილი იქნა ჭურჭელი სამზარეულოსათვის და ინდივიდუალური ჭურჭლის ნაკრები ყველა აღსაზრდელისთვის“, - წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში 14 სექტემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხარისხის სამსახურის ექპერტთან, გაერთიანების წარმომადგენლებთან, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსა და მეთოდისტებთან ერთად. შეხვედრისას საბავშვო ბაღები დარეგისტრირდნენ ხარისხის სამსახურის მიერ ავტორიზაციის პროცესისთვის შექმნილ პლატფორმაზე, გაეცნენ დიაგნოსტიკური თვითშეფასების კითხვარის ფორმას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ პირებსა და საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა. მერმა, საბავშვო ბაღებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
„საბავშვო ბაღებში დაინერგება სიახლეები სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ერთიანი მიდგომების უკეთესად განხორციელებისათვის“, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, აიშე თებიძემ, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე ბაღების ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთან ერთან დაგეგმა ნაბიჯები ბაღების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის.
„შეხვედრაზე დააზუსტეს ჩარიცხულ ბავშვების სიები ბაღების მიხედვით. ისაუბრეს საბავშვო ბაღებში საკონსულტაციო საბჭოების მუშაობის განახლებაზე და მშობელთა ჩართულობაზე. ასევე დაგეგმეს ნაბიჯები ბაღებში ახალი კურიკულუმის დანერგვისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არდადეგების პერიოდში რიგ ბაღებში განხორციელდა კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღი მზადაა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად, ხოლო დანდალოს ბაგა-ბაღში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები რის გამოც აღნიშნულ ბაღში საღმზრდელო პროცესი არ განახლდება, მაგრამ აღსაზრდელების გადანაწილება მოხდება ახოს ბაგა-ბაღში“, - იუწყება ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება.
იხილეთ ასევე:
სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი