საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, მეთოდისტის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბავშვის სკოლამდელი აღზრდის, განათლების ან განვითარების სფეროში. აქვს ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლის მუშაობის სტაჟი და მეთოდოლოგიური კოორდინაციის გამოცდილება. იცნობს ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპებს, დაკვირვების მეთოდებსა და პროგრამის შედგენის სტრატეგიებს. მოტივირებულია, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ფლობს დამოუკიდებლად მუშაობის, კომუნიკაციის და ჯგუფში მუშაობის უნარებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიაში, სადაც ასევე ჩამოთვლილის ის უფლება-მოვალეობები, რომელიც ამ თანამდებობაზე მყოფმა პირმა უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს.
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის უფლება-მოვალეობები:
► ექვემდებარება ბაგა-ბაღის დირექტორს;
► კოორდინაციას უწევს აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწის, მუსიკის პედაგოგის,
► სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მუშაობას;
► ვალდებულია, განახორციელოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგია;
► ვალდებულია, დანერგოს ბავშვის პოზიტიური ქცევის მართვის პრინციპები;
► ვალდებულია, რეკომენდაციები მისცეს აღმზრდელებს მუშაობის პროცესში;
► ვალდებულია, სააღმზრდელო მეთოდოლოგიის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში იყოს აქტიურად ჩართული;
► თითოეული აღსაზრდელის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ქ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს რაიონულ კოორდინატორთან თანამშრომლობს;
► მეთვალყურეობას უწევს, რომ ყველა აღსაზრდელი განვითარებისათვის საჭირო დოკუმენტაციას ფლობდეს;
► დირექტორს აწვდის ინფორმაციას ფიზიკური გარემოს თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად მოწყობის შესახებ;
► უზრუნველყოფს ოთახების სივრცეებად დაყოფასა და ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა მინიშნება-სიმბოლოების განთავსებას;
► პედაგოგიურ პერსონალს სისტემატურად ამოწმებს ჯგუფებში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს;
► ჩართულია მშობლებთან შეხვედრების პროცესში;
► სისტემატიურად ახდენს საგანმანათლებლო ღონისძიებების საჭიროებისათვის აუცილებელი სათამაშოებისა და სხვა ინვენტარის შემოწმებას და მათ მოკლე დროში განახლებას უწევს კოორდინაციას;
► ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული თვალსაზრისით გაზრდას, აცნობს მათ ახალ, თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდოლოგიას. ითხოვს რომელიმე ან მთელი პედაგოგიური პერსონალის დამატებით ტრენინგებს;
► ყოველი თვის ბოლოს დირექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე წარადგენს ზეპირ ანგარიშს მისი და მასზე დაქვემდებარებული პირების საქმიანობის შესახებ;
► ვალდებულია, მოხალისეს ხელმძღვანელობა გაუწიოს და ყოველი თვის ბოლოს შეაფასოს;
►ვალდებულია, აღსაზრდელისა და მისი ოჯახის შესახებ კონფიდენციალურობა დაიცვას;
► ვალდებულია, ყოველთვიურად იმ სათამაშოების ჩამონათვალი განსაზღვროს, რომლებიც აღსაზრდელების სენსორული, კოგნიტური, მოტორული და კრეატიული უნარების განვითარებისათვის არის საჭირო და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბაგა-ბაღის დირექტორს;
► ვალდებულია, წელიწადში ორჯერ ბავშვების განვითარების პორტფოლიოზე დაყრდნობით მოამზადოს წერილობითი ანგარიშები ბავშვების მიღწევების, სირთულეების, სამომავლო მიზნების და ა.შ. შესახებ.
► ვალდებულია, თანამშრომელთა შეკრებებს დაესწროს, თუ საპატიო მიზეზით დასწრებას ვერ ახერხებს, ამის შესახებ ხელმძღვანელს წინასწარ, ერთი დღით ადრე უნდა შეატყობინოს. სამჯერ ზედიზედ არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომელს შენიშვნას აძლევს.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებს ავტორიზაციისთვის განათლების სამინისტრო მატერიალური რესურსით ვერ დაეხმარება