დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებს შეუძლიათ, ერთი სასწავლო წლით ადრე დაგეგმონ თავიანთი პროფესიული განვითარება - საკვალიფიკაციო მოთხოვნები სხვადასხვა ქვეყნებში
14.09.2023

თანამედროვე მსოფლიოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სპეციალისტების პროფესიული განვითარების სტანდარტები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში.

ფინეთში სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სექტორებში სავალდებულოა, მუშაობდნენ პედაგოგები უმაღლესი განათლებით. სკოლამდელი დაწესებულების სპეციალისტს დამთავრებული უნდა ქონდეს ბაკალავრიატი სკოლამდელი განათლების პედაგოგის სპეციალობით. სპეციალისტს შეუძლია მიიღოს სპეციალური ან საკორექციო სწავლების მასწავლებლის დამატებითი კვალიფიკაცია გონებრივად ჩამორჩენილი და შენელებული ფსიქიკური განვითარების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ, შესაბამისი სპეციალიზირებული პროგრამის გავლის შემდეგ. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, ასევე შეუძლიათ იმუშაონ სამედიცინო დახმარების დღის ცენტრებში ან სკოლებში სკოლამდელი მომზადების მასწავლებლად.

ავსტრალიაში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. მენტორობის პრაქტიკა, როდესაც პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მაღალკვალიფიციურ პედაგოგთან (მეწყვილე) ერთად ატარებს გაკვეთილებს მისგან პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კონსულტაციის და რეკომენდაციების მიღების მიზნით.

გერმანიაში სკოლამდელი განათლების აღმზრდელს უმაღლესი განათლება მიღებული უნდა ქონდეს პედაგოგიურ ან სოციალურ-პედაგოგიურ სფეროში. თეორიულ კურსებთან ერთად (პედაგოგის პროფესიული სწავლების აუცილებელი საგანმანათლებლო საფეხური),

საჭიროა პრაქტიკული პედაგოგიური მომზადება სპეციალიზირებულ ინსტიტუტებსა და სკოლებში. პედაგოგების შერჩევისას სკოლამდელ დაწესებულებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ შემოქმედებით პოტენციალს. სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრანტი ბავშვების ადაპტაციასა და სოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისთვის, შექმნილია კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებს აცნობენ პატარა ბავშვებისთვის გერმანული ენის სწავლების მეთოდიკას.

აშშ-ში არსებობს სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებიც აწყობენ ყველა დონის, მათ შორის, სკოლამდელი განათლების პედაგოგებისთვის სხვადასხვა მოკლევადიან კურსებს, სემინარებს და ვორკშოფებს. კურსებზე დასწრება ითვალისწინებს საორგანიზაციო შენატანის გადახდას. ამასთანავე, ტარდება კონფერენციები, რომლებიც სხვადასხვა შტატების და ქვეყნების პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს შეუძლიათ დაგეგმონ ღონისძიებები თავიანთი პროფესიული განვითარებისთვის ერთი სასწავლო წლით ადრე. თუ საბავშვო ბაღს არ აქვს საშუალება დაფაროს საჭირო თანხები თავისი აღმზრდელის მონაწილეობისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, ამის სანაცვლოდ ამოქმედდება ქვეყანაში კარგად განვითარებული მენტორობის სისტემა. სკოლამდელი განათლების „ვეტერანები“ წარმატებით ასრულებენ პედაგოგიური გამოცდილების გადაცემის და ახალი თაობის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ამოცანას.

აშშ-ში, ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, აღმზრდელთა განათლებისა და პროფესიული მომზადების მიმართ მოთხოვნები მინიმალურია. ზოგიერთ შტატში აღმზრდელები და პედაგოგები სამსახურში მიღებისას მხოლოდ შესაბამისი ცოდნის ტესტს გადიან. სხვაგან საკმარისია ბაკალავრის და სწავლების უფლების სერტიფიკატის წარდგენა. სკოლამდელი დაწესებულებები (საბავშვო ბაგა-ბაღები, დღის მოვლის დაწესებულებები და სხვ.) შეიძლება იყოს სახელმწიფო, კერძო, საეკლესიო, საზოგადოებრივი და ა.შ. არსებობს კოლეჯთან არსებული ექსპერიმენტული საბავშვო სკოლების ან „სკოლამდელი ლაბორატორიების“ ჯგუფები, რომელთა მიზანია კვლევით საქმიანობასთან ერთად მასწავლებელთა მომზადების უზრუნველყოფა.

დიდ ბრიტანეთში სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი პედაგოგიური განათლება - რომელსაც მიიღებენ პედაგოგიურ კოლეჯში ან უნივერსიტეტში სპეციალური პედაგოგიური მომზადებით. მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ შეფასების და კონტროლის მოქნილი სისტემების შექმნა, ბავშვების მიღწევების შეფასება მათთან ინდივიდუალური მიდგომის და არსებული პროგრამის შეხამების საფუძველზე. სკოლამდელი პროგრამის დასასრულისთვის მათ ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადონ ბავშვები საშუალო სკოლაში უმტკივნეულოდ გადასასვლელად.

საფრანგეთში აღმზრდელების და პედაგოგების განათლების დონე არ უდა იყოს ბაკალავრიატზე დაბალი. აღმზრდელებმა კარგად უნდა გაიცნონ აღსაზრდელები და შეისწავლონ მათი ფსიქოლოგიური თავისებურებები. მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ საგანმანათლებლო პროგრამების შედგენა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობის საფუძველზე, უნდა ქონდეთ თამაშის, როგორც სწავლების ბუნებრივი ფორმის, გამოყენების უნარი.

სამხრეთ კორეაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღმზრდელის კვალიფიკაციის ამაღლებას ჯგუფში მუშაობის პროცესში. ამგვარი პროფესიული თვითგანათლების და განვითარების აღსანიშნავად, გაჩნდა ცნება „პედაგოგიური კვლევა“, რომელიც თავისი არსით ექსპერიმენტულია და იძლევა ამა თუ იმ პედაგოგიური მეთოდების ტესტირების საშუალებას. ასეთი კვლევების შედეგები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის არ ქვეყნდება, მეტად სასარგებლოა პედაგოგიური საზოგადოებისთვის - პედაგოგები ეზიარებიან ერთმანეთის მნიშვნელოვან გამოცდილებებს. ამგვარი კვლევითი საქმიანობის გატარება კორეაში ითვლება სავალდებულოდ სახელმწიფო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მუშაკისთვის.

ჩინეთში საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგებისთვის არსებობს განსაზღვრული საგანმანთლებლო ცენზი, რომელიც ითხოვს სპეციალური პედაგოგიური განათლების მიღებას სპეციალიზირებულ პედაგოგიურ სასწავლებელზე არანაკლები დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებს ავტორიზაციისთვის განათლების სამინისტრო მატერიალური რესურსით ვერ დაეხმარება

უპირატესობები, რაც საბავშვო ბაღს მსოფლიოში უნიკალურად აქცევს - „ოთახებიდან გამომავალი 600 ბავშვის ხმა ქმნის „თეთრი ხმაურის“ ეფექტს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი