გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ნატა რუაძემ სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა, დაესწრო. მან საბავშვო ბაგა-ბაღებში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მენეჯერებისაგან სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზეც მიიღო ინფორმაცია, - იუწყება ადგილობრივი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება.
„გაერთიანების დირექტორმა მენეჯერებთან ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ბოლოს ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერს საწარმოები, - მეთოდური, კვების, საქმისწარმოების და სამეურნეო საქონლის, -დოკუმენტაციაც გადაეცა“, - აღნიშნულია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც 38 საჯარო საბავშვო ბაღია, სასწავლო-სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს იწყება.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტებს საბავშვო ბაღები კენჭისყრით გადაუნაწილეს