დღის თემა
etaloni.ge
18 სექტემბერს გაიხსნება ბაღი, რომელიც 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს - რა სიახლით ხვდება თბილისი ახალ სასწავლო წელს
11.09.2023
18 სექტემბერს თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება. ახალი სასწავლო წლის  მოახლოებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტომ, მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამგორის რაიონს შემოდგომაზე ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება.

ვარკეთილის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N130 საბავშვო ბაგა-ბაღი 18 სექტემბერს გაიხსნება და ის 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს.

როგორც სააგენტო იუწყება, შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამასთან, სამზარეულო ბლოკი აღჭურვილია HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოწყობილია სათამაშო მოედნები და თანამედროვე ატრაქციონები, დამონტაჟებულია მზის ენერგიაზე მომუშავე გარე-განათების სისტემა

„ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, დასრულებულია. N130 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 18 სექტემბერს, ახალ სააღმზრდელო წლის დასაწყისში, საზეიმო ვითარებაში მიიღებს. ბავშვებს დახვდებათ ულამაზესი და უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი ჯგუფები, სათამაშო მოედნები, ატრაქციონები. კიდევ ერთი, 15-ჯგუფიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა კი ნოემბერში დასრულდება და წლის ბოლომდე სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი შეემატება,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი საბავშვო ბაღი, ფაქტობრივად, ტყეში მდებარეობს და ამ ადგილს „თბილისის კურორტსაც“ უწოდებენ.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი