დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვების ფოტოები ჩაალაგეთ სახლის ფანჯრებში, ვინც მოვა, გადმოსვას თავისი ფოტოს ბაღის ფანჯარაში“ - რჩევები აღმზრდელებს ბაღში მისვლის პირველი დღისთვის
08.09.2023

ახალი, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ზოგიერთ კერძო საბავშვო ბაღში უკვე დაიწყო. საჯარო ბაღების ნაწილი კი ორშაბათიდან, 11 სექტემბრიდან ამოქმედდება.

სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი

იმისათვის, რომ პატარებს ბაღში მოსვლა უხაროდეთ, ეს დიდწილად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზეა დამოკიდებული.

ბაგა-ბაღებისთვის შექმნილ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში მოცემულია გარკვეული რჩევები, რომელიც ბაღის თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ ბავშვმა ბაღში მოსვლა და დარჩენა სტრესის გარეშე შეძლოს.

როგორი უნდა იყოს პირველი დღე

► შექმენით სადღესასწაულო გარემო ჯგუფში. შეძლებისდაგვარად მორთეთ ჯგუფი.

► წინასწარ გამოჭერით დიდი ფერადი ფურცლები (სხვადასხვა ფორმის) და ზედ ბავშვების სახელები დააწერეთ. ეს ქაღალდები წრიულად დააფინეთ და დილის წრეზე ბავშვები თავიანთ სახელებზე დასხით.

► გაეცანით ბავშვებს და უთხარით, როგორ გსურთ რომ მოგმართონ.

► უთხარით ბავშვებს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგმართოთ.

► ჰკითხეთ, ვინმე ადრე თუ ყოფილა საბავშვო ბაღში? ისინი, ვინც ნამყოფია, წაახალისეთ, მოყვნენ რაიმე ამბავი ბაღზე, რას აკეთებდნენ იქ, რა მოსწონდათ, რა – არა?

► წაუკითხეთ: „ჩემი პირველი დღე ბაღში“. წინასწარ გამოჭერით ბავშვების ფიგურები და გააცოცხლეთ ამბავი დაფაზე - ფიგურებს მაგნიტები მიაწებეთ და დაფაზე განათავსეთ.

► წაუკითხეთ: „ბროლიაც ბაღში მიდის“. ჰკითხეთ, მათ თუ ჰყავთ შინაური ცხოველები, რომელიმეს ხომ არ გამოუთქვამს ბაღში სიარულის სურვილი?

► მცირე ექსკურსია ჯგუფის ოთახებში. დაათვალიერებინეთ ბავშვებს ოთახი. აჩვენეთ ცენტრები, ამ ცენტრების აღმნიშვნელი სიმბოლოები და აუხსენით, რით დაკავდებიან თითოეულ ცენტრში. მიეცით საშუალება, დაათვალიერონ თაროები და იქ მდებარე ნივთები. აჩვენეთ, სად შეუძლიათ დაიბანონ ხელები, სად არის ტუალეტი... ყველანაირმა განუსაზღვრელობამ შეიძლება ბავშვის შფოთი უფრო გაამძაფროს.

► ჩართეთ მხიარული მუსიკა. დააყენეთ ხელჩაკიდებული ბავშვები წრეზე, სთხოვეთ გაიშალონ და გაუშვან ხელები. შესთავაზეთ თამაში „რა მიყვარს“. ამ თამაშის საშუალებით ადვილად გაიცნობენ ერთმანეთს და დაისწავლიან სახელებს. ესროლეთ ან გაუგორეთ ბურთი რომელიმე ბავშვს. აუხსენით, რომ როცა ბურთს დაიჭერს, ხმამაღლა თქვას თავის სახელი და რა უყვარს - მე მქვია ნიკო და მიყვარს... ეს შეიძლება იყოს თამაში, სათამაშო, ცხოველი, საჭმელი, ოჯახის წევრი, ნებისმიერი რამ. შემდეგ ბავშვმა ბურთი სხვას უნდა გადაუგდოს. ყურადღებით იყავით, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ეს თამაში, ამ თემის ფარგლებში, სასურველია, ყოველდღე გაიმეოროთ და თემები ცვალოთ.

► ათამაშეთ და აძერწინეთ სათამაშო ცომით.

► ერთად დაამზადეთ წასვლა-მოსვლის დაფა. წასვლა-მოსვლის დაფა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ძირითადი აზრი არის იმაში, რომ თვალსაჩინო იყოს, ვინ არის დღეს და ვინ აცდენს.

► სახლი და ბაღი. ფერადი ფორმატისგან გამოჭერით ორი შენობა. ერთი სახლია, მეორე – ბაღი. გამოუჭერით იმდენი ფანჯარა, რამდენი ბავშვიც არის და გაუკეთეთ პატარა ჯიბეები ფანჯრებზე. ბავშვების სურათები დააწებეთ წაგრძელებული ფორმის პატარა მუყაოზე, ყველა ბავშვის ფოტო ჩალაგებულია სახლის ფანჯრებში, ვინც მოვა, გადმოსვამს თავის ფოტოს ბაღის ფანჯარაში. განათავსეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე.

► ილუსტრირებული კალენდარი. შეგიძლიათ დაამზადოთ ამინდის კალენდარი. გამოიყენეთ სხვადასხვა მასალა: თექა, მუყაო, ფერადი ქაღალდები და ქსოვილები. ძირითადი პრინციპი არის ის, რომ კალენდარი უნდა იყოს მაქსიმალურად თვალსაჩინო და ბავშვი იღებდეს მონაწილეობას მის ყოველდღიურ ცვლილებაში. განათავსეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე.

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღმა არ იცის, რა მიმართულებით მიდის, აუცილებლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან“ – „ხედვა“ ახალი პროექტით

საბავშვო სიმღერები და ლექსები - „შეგიძლიათ გამოტოვოთ გარკვეული სიტყვები, რათა ბავშვმა თავად შეავსოს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი