„ხედვა არის ორგანიზაციის წარმოდგენაში დანახული სასურველი, იდეალური მომავლის სურათი. ხედვა არის მოკლე განაცხადი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან, ან გრძელვადიან მიზნებს“, - წერია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.
აღნიშნული პროექტის განხილვას განათლების სამინისტრო საჯაროდ აპირებს და ამ პროცესში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტში, ასევე აღნიშნულია, რომ:
► ხედვა არის ორგანიზაციის წარმოდგენაში დანახული სასურველი, იდეალური მომავლის სურათი. ხედვა არის მოკლე განაცხადი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან, ან გრძელვადიან მიზნებს (5-15 წლის პერსპექტივით).
► ხედვაში ასახული უნდა იყოს ორგანიზაციის მისწრაფებები, ანუ როგორ უნდა რომ ხედავდეს ორგანიზაცია საკუთარ თავს დროის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, ან როგორ უნდა რომ ხედავდეს მომხმარებელი ამ ორგანიზაციას, როგორი აღქმა უნდა ჰქონდეს მომხმარებელს ამ ორგანიზაციის განსაზღვრული დროის შემდეგ.
► სტრატეგიული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ხედვას, ამიტომ, მიზანშეწონილია ის იყოს არა მხოლოდ მამოტივირებელი, არამედ გაზომვადიც. ბევრი დაწესებულების ხედვა არის ძალიან ბუნდოვანი, მაგალითად: „ვიყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის სასურველი მომსახურების მიმწოდებელი“. როდესაც ხედვა გამოხატულია საქებარი სიტყვებით, ის ნაკლებ ორიენტირს აძლევს დაწესებულებას სტრატეგიული გეგმისთვის. გაზომვადი ხედვა კი ბაღს აძლევს ზუსტ მიმართულებას სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის, ამიტომ რეკომენდებულია ხედვა მოიცავდეს ისეთ გაზომვად ნიშნულებს, როგორებიცაა:
ა) დროის პერიოდი - ანუ რამდენ ხანში აპირებს ორგანიზაცია ხედვაში გაცხადებული სასურველი მდგომარეობის მიღწევას;
ბ) განვითარების მიმართულებას;
გ) წარმატების გაზომვადობას.
რატომ უნდა შეიმუშაოს დაწესებულებამ ხედვა?
► თუ დაწესებულებამ არ იცის, რა მიმართულებით მიდის, აუცილებლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან;
► რაც უფრო ზუსტად იცის ორგანიზაციამ რა მიმართულებით მიდის, უფრო დიდი შანსი აქვს მიაღწიოს დანიშნულების ადგილს;
► რაც უფრო კარგად იციან გუნდის წევრებმა რა მიმართულებით მიდის დაწესებულება, მით უფრო სწრაფად შეიძლება მიზნის მიღწევა.
კარგად ფორმულირებული ხედვა რეკომენდებულია იყოს მოკლე - ორი - სამი წინადადება, მარტივად გასაგები ნებისმიერი მკითხველისათვის, დარგობრივი ცოდნისა და ტერმინების გარეშე, მამოტივირებელი, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ისე მისი პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის, კონკრეტული ბაღისთვის უნიკალური (არა ზოგადი, რომელიც ამ დარგში მომუშავე ნებისმიერ ბაღს მიესადაგება) და ამბიციური (ეს არის იდეალური სამომავლო სურათის აღწერა და არა მოკლე ვადაში მისაღწევი მიზანი).
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბაღის ხედვა?
ხედვა წარმოადგენს მისიის ნაბიჯ-ნაბიჯ რეალიზაციის გზას, ამიტომ ხედვა აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს მისიიდან. ის ასევე წარმოადგენს შუა რგოლს მისიასა და სტრატეგიულ გეგმას შორის. შესაბამისად, ხედვა უნდა წარმოადგენდეს სტრატეგიული გეგმის შემუშავების ერთ-ერთ ძირითად ორიენტირს.
იხილეთ ასევე:
რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება