თუ ბავშვი სკოლაში და ბაღში არ დადის, მაინც საჭიროა ვაქცინაცია? - ამ აქტუალურ კითხვაზე პასუხს „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში“ აქვეყნებს.
„დაავადებების რისკი იმ ბავშვებსაც აქვთ, რომლებიც ჯერ საბავშვო ბაღში ან სკოლაში არ დადიან. მათი ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ოჯახის სხვა წევრებისგან, სტუმრებისგან, სათამაშო მოედნებსა თუ მაღაზიებში.
ბევრი ინფექციური დაავადება განსაკუთრებით საზიანოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ამიტომ მათი რეკომენდებულ ასაკში ვაქცინაცია აუცილებელია.
დაუკავშირდით პედიატრს და დაგეგმეთ შვილის აცრები ეროვნული იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით საქართველოში 13 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. ეს გახლავთ:
► ტუბერკულოზი
► B ჰეპატიტი
► ადამიანის პაპილომავირუსი
► დიფთერია
► ყივანახველა
► ტეტანუსი
► პოლიომიელიტი
► ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b
► წითელა
► წითურა
► ყბაყურა
► როტავირუსი
► პნევმოკოკური ინფექცია
„ამ 13 ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ინფექციისაგან გვიცავენ ვაქცინები. იმუნიზაციის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებიდან და ვაქცინების უმეტესი ნაწილი სრულწლოვანებამდე კეთდება.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა რუტინული ვაქცინა, სპეციფიკური ვაქცინები და იმუნობიოლოგიური პრეპარატები, ასევე ვაქცინაციის დროს ექიმის მომსახურება დაფინანსებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და რაიმე დამატებითი საფასურის გადახდას არ საჭიროებს“, - იუწყება „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში“.
იხილეთ ასევე:
იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება
„ვაქცინაცია უნდა შეეხოს ყველა ბავშვს“ - ახალი რეკომენდაცია ქვეყნის მთავრობას