დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა მიზანზე გავყავართ თამაშს და შესაბამისად დაგეგმოს აქტივობები“ - სკოლამდელი განათლების ექსპერტი ბაღში არსებულ პრობლემაზე
31.08.2023

იმას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ნაკლებად ექცევა მნიშვნელობა, - ამის შესახებ ადრეული განათლების ექსპერტმა ოლღა მუსხელიშვილმა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ მომზადებულ აუდიოჩანაწერში განაცხადა. ექსპერტი ბავშვის ფიზიკური განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვის მსხვილი მოტორიკის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცევა როგორც საბავშვო ბაღში, ასევე - სახლში. საბავშვო ბაღებში ბავშვის ეზოში გაყვანის პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი მოითხოვს ეზოში ყოველდღიურ გასვლას ანუ ნებისმიერ ამინდში, როგორც წესი, ბაღებში სეირნობენ მხოლოდ კარგ ამინდში და ამ სეირნობის დროსაც ნაკლებად ექცევა ყურადღება ბავშვის მსხვილი მოტორიკის განვითარებას, მისი სხვადასხვა ჯგუფის კუნთების განვითარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბავშვის, როგორც ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის, ასევე კოგნიტური განვითარებისთვის“, - ამბობს ექსპერტი.

ოლღა მუსხელიშვილის განმარტებით, სასკოლო მზაობა მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნას არ ნიშნავს და უმნიშვნელოვანესია, ბავშვს სკოლაში შესვლამდე სწორად ჯდომა ვასწავლოთ, რაც ასევე კუნთების განვითარებას უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა არ ნიშნავს მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნას. სასკოლო მზაობის მნიშვნელოვანი ელემენტია ბავშვის მსხვილი მოტორიკის განვითარება. იმისთვის, რომ ბავშვი სწორად იჯდეს სკოლაში სკამზე და არ განუვითარდეს სქოლიოზი, მისი ზურგის და მუცლის კუნთები უნდა იყოს შესაბამისად განვითარებული. იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს წერა, უნდა ჰქონდეს განვითარებული თვალისა და ხელის კოორდინაცია. ამ ყველაფრის გასავითარებლად, ყველაზე ადვილი და სწორი გზაა, ვითამაშოთ ეზოში ბურთი - ვესროლოთ, გადავუგდოთ ბურთი ერთმანეთს, დავიჭიროთ, ვისროლოთ მიზანში, ვითამაშოთ ფეხბურთი თუ კალათბურთი და ა.შ. გარდა ამისა, ვირბინოთ, ვიაროთ არამდგრად ზედაპირებზე, ავძვრეთ, ჩამოვხტეთ, გავძვრეთ რაღაცაში, ჩამოვეკიდოთ ძელს თუ თოკს. მოკლედ, ბავშვმა ეზოში ბევრი უნდა იმოძრაოს.

თამაშები, რომელსაც შესთავაზებს მასწავლებელი, უნდა იყოს კარგად მოფიქრებული. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა მიზანზე გავყავართ ამა თუ იმ თამაშს, რომელი კუნთები უვითარდება ამ თამაშის შედეგად ბავშვს და შესაბამისად დაგეგმოს აქტივობები ეზოში. მნიშვნელოვანია, რომ ეზოში ბავშვს ჰქონდეს საშუალება უბრალოდ ირბინოს და იყვიროს, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობები, რომლებიც წინასწარ დასახულ მიზანზე გაგვიყვანს. ეს მიზნები გაწერილია ბავშვის განვითარების სახელმწიფო სტანდარტში“, - ახსნა სკოლამდელი განათლების ექსპერტმა.

იხილეთ ასევე:

არის თუ არა ვალდებული საბავშვო ბაღის აღმზრდელი, პატარები ეზოში გაიყვანოს - როგორია სტანდარტი და რეალობა

ამ აქტივობის ჩატარება შეიძლება საბავშვო ბაღის ეზოში - რჩევები აღმზრდელებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი