დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის წარმომადგენელმა უნდა შეძლოს მშობლის რეაქციის გამკლავება, დაუშვებელია კამათი“ - ჩანაწერი გზამკვლევში
30.08.2023

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, მოახდინოს მშობლის ინფორმირება ბავშვის დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შესახებ, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევში.

ბავშვის გარკვეული თავისებურების იდენტიფიცირების და დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შესახებ ვარაუდის გაჩენის შემდეგ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია აცნობოს მშობელს.

მშობელთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა მეტად სენსიტიური პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაწესებულების პერსონალი საფუძვლიანად მოემზადოს აღნიშნული გასაუბრებისთვის. მშობელთან საუბრისას, ბაღის სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკვანძო საკითხები:

ბავშვის თავისებურების ობიექტური აღწერა - პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაწესებულების პერსონალს შეეძლოს თავის ვარაუდის დასაბუთება, მშობლისთვის დეტალური განმარტების მიცემა, თუ რაზე დაყრდნობით თვლის, რომ ბავშვს გარკვეული თავისებურებები აღენიშნება, რის გამოც მას შესაძლებელია დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებოდეს. საჭიროების შემთხვევაში, ბაღის პერსონალმა უნდაშეძლოს ბავშვის ქცევის, ემოციების, რეაგირების თუ კომუნიკაციის თავისებურების აღწერა, ან სხვა მტკიცებულებების წარდგენა თავისი ვარაუდის დასასაბუთებლად.

ეს მტკიცებულებები მაქსიმალურად ობიექტურ მოცემულობებს უნდა ასახავდეს. ამიტომ ბაღის პერსონალი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თავი აარიდოს ბავშვის ქცევის, ემოციებისა თუ ნათქვამის ინტერპრეტირებას და სუბიექტური შეხედულებების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ „ბავშვი ჯიუტობს“ აჯობებს ვფოკუსირდეთ ქცევაზე - „ბავშვი ხშირად უარს ამბობს ...“ მტკიცებულებების ობიექტურად ფორმულირებაში შეიძლება დაკვირვების ჩანაწერები დაგვეხმაროს, რადგან სწორად წარმოებულ ჩანაწერებში ობიექტური მოცემულობები ჩანს, რაც ბავშვის ქცევას, კომუნიკაციას ან ემოციებს აღწერს. გარდა ამისა, კარგი იქნება ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტების გადახედვაც. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამყაროს ან პირიქით, გააქროს ჩვენი ეჭვი.

დიალოგი მშობელთან - მიუხედავად, იმისა, რომ ბაღის პერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მყარი არგუმენტები თავისი ვარაუდის დასასაბუთებლად, რეკომენდებულია ის მოერიდოს მტკიცებულებით ფორმატში საუბარს და მტკიცებას იმისა, რომ ბავშვს დადასტურებულად აღენიშნება გარკვეული თავისებურებები, რის გამოც ის დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს. მას შეუძლია მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი წარადგინოს ბავშვის დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შესახებ, მოისმინოს მშობლის მოსაზრება და მასთან ერთად დაგეგმოს შემდეგი მოქმედებები ვარაუდის გადამოწმების - დადასტურების ან უარყოფის და ბავშვის საჭიროებებზე რეაგირების დაგეგმვის მიზნით.

მნიშვნელოვანია, მშობელთან შეხვედრა წარიმართოს დიალოგის პრინციპით და არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების სახით, სადაც ბაღის პერსონალი მშობელს მხოლოდ საკუთარ ვარაუდს უზიარებს. საუბრის დროს ბაღის პერსონალმა შეიძლება გაუზიაროს მშობელს საკუთარი დაკვირვება და ჰკითხოს მას, რატომ შეიძლება ამას აკეთებდეს ბავშვი, ან მასაც ხომ არ შეუმჩნევია მსგავსი ქცევა თუ თავისებურება? რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

ბავშვის ინტერესები, მიღწევები და ძლიერი მხარეები - მნიშვნელოვანია, მშობელთან შეხვედრაზე ბაღის პერსონალმა ისაუბროს არა მხოლოდ ბავშვის გამოწვევებზე, არამედ მის ინტერესებსა და ძლიერ მხარეებზე. აუცილებელია, ასევე, მოიყვანოს მტკიცებულებები ბავშვის ძლიერი მხარეების დადასტურების მიზნით. ამაში ისევ ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერებში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ. მიზანშეწონილია, შეხვედრა სწორედ ბავშვის ძლიერ მხარეებსა და მიღწევებზე საუბრით დაიწყოს. ეს მშობელს შეუქმნის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას მოსაუბრის მიმართ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მშობელიც კარგად იცნობდეს ბავშვის ინტერესებს და ძლიერ მხარეებს, რადგან სწორედ ეს თავისებურებები დაეხმარება მშობლებს ბავშვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.

მშობლის რეაქციასთან გამკლავება - ბაღის პერსონალს უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ მშობლის რეაგირება აღნიშნულ ინფორმაციაზე არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს. არასასურველი ინფორმაციის უარყოფა, ინფორმაციის მომტანის შეცდომაში დადანაშაულება, ხისტი ემოციური პასუხი, გულის აჩუყება ზოგჯერ ბუნებრივი (თავდაცვითი) რეაქციაა. ბაღის წარმომადგენელმა უნდა შეძლოს მშობლის რეაქციის მართებულად გამკლავება - ბაღის პერსონალმა მშობელთან საუბრისას უნდა შეძლოს მშობლის მიმართ თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატვა, მისი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და დარწმუნება, რომ მისი მოკავშირე და გულშემატკივარია.

დაუშვებელია, ბაღის თანამშრომლის მხრიდან მშობელთან კამათი და საკუთარი პოზიციის ამ გზით დაცვა. დაუშვებელია, ასევე, მშობლის საყვედური ან დადანაშაულება ბავშვის თავისებურებების გამო. აღნიშნულ შეხვედრაზე, ბაღის წარმომადგენლის ამოცანაა, მშობელს ფრთხილად გაუზიაროს თავისი მოსაზრება, მოისმინოს მშობლის პოზიცია, უპასუხოს მის შეკითხვებს და ბავშვის მდგომარეობაში უკეთ გარკვევის მიზნით, თავადაც დასვას კითხვები.

ამავდროულად, შეხვედრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მშობელთან ერთ გუნდად გაერთიანება და ბავშვის მხარდაჭერის გეგმის დასახვა. აღნიშნულ შეხვედრაზე ბაღის წარმომადგენელმა უნდა შეძლოს მშობლის დარწმუნება, რომ მისი უმთავრესი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვა, მისი მხარდაჭერა და სირთულეების დაძლევაში დახმარებაა.

განმეორებითი კომუნიკაცია მშობელთან - ბაღის წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლებელია, მშობელთან ერთჯერადი შეხვედრა  საკმარისი არ იყოს ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად. ასევე, მშობელს შესაძლებელია, დასჭირდეს დრო მიღებული ინფორმაციის გასააზრებლად და მიმღებლობის ფორმირებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის მოსმენა მშობლისთვის იმდენად ტრავმული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას შესაძლებელია, გაუჩნდეს ტენდენცია თავი აარიდოს ბაღის თანამშრომლებთან განმეორებით შეხვედრას და აღნიშნულ თემაზე საუბარს.

დაწესებულების წარმომადგენელი უნდა ეცადოს მშობელთან ურთიერთობის შენარჩუნებას. ასევე, არ უნდა მოერიდოს პრაქტიულ მცდელობებს შეხვდეს მშობელს, ჰქონდეს მასთან უწყვეტი პირისპირ ან სატელეფონო კომუნიკაცია.

უსაფრთხო გარემო - მშობელთან გასაუბრება უნდა მოხდეს მისთვის უსაფრთხო, მშვიდ გარემოში და სივრცეში, სადაც არ იქნებიან სხვა პირები. სასურველია, მშობელს გაესაუბროს ის თანამშრომელი, რომელიც უკვე იცნობს მას და გარკვეული დადებითი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. უფრო ხშირად ასეთი თანამშრომელი აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგია, თუმცა ეს შეიძლება იყოს აღმზრდელის თანაშემწე ან ძიძა. მშობლის ინფორმირება ბავშვის დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შესახებ, ასევე, შესაძლებელია, განახორციელოს ბაღის ფსიქოლოგმა ან სპეციალურმა პედაგოგმა, ბაღში აღნიშნული კადრის არსებობის შემთხვევაში. ასევე გარანტირებული უნდა იყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ამის შესახებ ინფორმაცია თანამშრომელმა მკაფიოდ უნდა გააჟღეროს მშობლის წინაშე.

იხილეთ ასევე:

ეფექტურმა სკოლამდელმა განათლებამ შესაძლოა, ბავშვი შშმ პირის სტატუსისგან იხსნას

იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი