დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“
30.08.2023

იმ ფონზე, როდესაც განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისკენ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი - შეიქმნა ახალი სტანდარტი და საბავშვო ბაღები ავტორიზაციისთვის ემზადებიან, skolamdelebi.ge-ს აღმზრდელები ხშირად მიმართავენ და სხვადასხვა პრობლემაზე უყვებიან.  

ამჯერად ჭიათურის საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა მოგვწერეს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ახალი სააღმზრდელო წლისთვის შერეული ჯგუფები იქმნება, სადაც ბაგისა თუ სასკოლო მზაობის ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში იქნებიან. აღმზრდელები წუხან, რომ ისინი ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ, რის შესაბამისადაც განახევრებულ ხელფასს აიღებენ.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში გადაწყვიტეს, ბაგისა და სასკოლო მზაობის ჯგუფების შეერთება და აღმზრდელებისა და თანაშემწეების გადაყვანა ნახევარ განაკვეთზე. ამ ყველაფრის მიზეზად იმას გვისახელებენ, რომ ბავშვთა რაოდენობა არ არის საკმარისი ორი ჯგუფისთვის. რა თქმა უნდა, ამ ამბავს მშობლებიც აპროტესტებენ. არავის უნდა, ორი წლის ბავშვი იყოს სასკოლო ჯგუფში და პირიქით - 5 წლისა ბაგის ბავშვებთან. არ გვაქვს ცალკე დასაძინებელი ოთახი. ამას გვასწავლის სტანდარტი?

სად არის აქ დაცული ბავშვის უფლებები? აღმზრდელებს გავლილი გვაქვს 66 საათიანი ტრენინგ-მოდული და იქ პირიქით ვისწავლეთ, რომ მშობლის და ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული და უნდა ვითვალისწინებდეთ მათ აზრს. ან ბავშვი როგორ მიიღებს იმას, როდესაც 1-ელ საათამდე ერთი მასწავლებელი ეყოლება თავისი ძიძებით და პირველიდან 4 საათამდე მეორე? ამის შესახებ შევეკითხეთ ფსიქოლოგებს და მათ გვითხრეს, რომ ყოვლად დაუშვებელია ასეთი რამ, რადგან ბავშვების სასკოლოდ ხარისხიანიად მომზადება ვერ მოხდება ასეთ სიტუაციაში. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ აღმზრდელებმა, როგორ დავიცვათ ჩვენი და ბავშვების უფლებები, რა გზას მივმართოთ?

აღმზრდელების ნაწილი ტრენინგს ახლაც გავდივართ და რისთვის? იმისთვის რომ ესეთი დაუფასებლები ვიყოთ ჩვენი ბაღების გაერთიანებიდან და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან? ვისაც უნდათ, ტოვებენ მთელ განაკვეთზე და ვისაც პატრონი არ გვყავს, იმას - ნახევარ განაკვეთზე. 530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება. როგორ ვიცხოვროთ?“, - მოგვწერეს ჭიათურიდან.

კითხვაზე, რომელ საბავშვო ბაღზეა საუბარი, აღმზრდელი გვპასუხობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულებისთვის ბაღების გაერთიანებამ და ჭიათურის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ერთობლივად მიიღეს.

skolamdelebi.ge ჭიათურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაკა წერეთელს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ დაგეგმილია აღმზრდელების ნახევარ განაკვეთზე გადაყვანა, რაც მუნიციპალიტეტში აღსაზრდელთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.

- როცა ბაღში სულ 3, 5 ან 9 ბავშვია, იქ როგორ გავყოთ, თანამშრომელი დავამატოთ? სადაც ბევრი ბავშვი გვყავს, ჩვეულებრივად ვიცავთ დაწესებულ სტანდარტს. 13 წელია საბავშვო ბაღებში ვარ და ასე ხდება სულ. როცა 3 ბაგის ბავშვი გვყავს, ცალკე ჯგუფი როგორ გავაკეთოთ ამისთვის იმ ფონზე, როცა თითო ჯგუფს ორი აღმზრდელი და ერთი თანაშემწე ან ერთი აღმზრდელი და ორი თანაშემწე უნდა ემსახურებოდეს? მხოლოდ ჭიათურაში კი არა, მთელს საქართველოში ასეა - როდესაც ბავშვთა რაოდენობა ორი ჯგუფის გახსნის საშუალებას არ გაძლევს, გყავს შერეული ჯგუფები და თან ჩვენ ვართ საოცარი პრობლემის წინაშე - 2 000-დან ჩამოვედით 900 ბავშვზე. ბავშვების რაოდენობა შემცირდა და 5 ბავშვთან ხომ არ იმუშავებს სამი თანამშრომელი?

-  მიზეზი რა არის ბავშვების შემცირებისა?

- ვერ გეტყვით. ალბათ შობადობის შემცირებას ან რეგიონიდან ხალხის გადინებას უკავშირდება. არის ბაღები, სადაც მანამდე 85 ბავშვიც კი გვყავდა და ახლა მხოლოდ 10-ია. ეს 10 ბავშვი სხვადასხვა ჯგუფებში გავანაწილო? ეს ხომ სკოლა არ არის, ბავშვი ბაღში ხომ უნდა ეთამაშებოდეს, ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ბავშებთან? როცა პატარები იძინებენ, აღმზრდელი მუშაობს უფროსი ასაკის ბავშვებთან და ამზადებს სასკოლოდ. ესეც პროგრამით გვაქვს გაწერილი, თუ როგორ ხდება შერეულ ჯგუფში მუშაობა. ასეთ ჯგუფში აღმზრდელის თანაშემწეებს სხვა დავალება აქვთ - ისინი 2-3 წლიან ბავშვებთან მუშაობენ, აღმზრდელი - უფროსებთან.

- შესაბამისად, აღმზრდელები და სხვა თანამშრომლები შეამცირეთ?

- არა, არავის შემცირებას არ ვაპირებთ. იდეის დონეზე გვაქვს, რომ ნახევარ განაკვეთზე გადავიყვანოთ მცირეკონტიგენტიანი ბაღების თანამშრომლები, რადგან არ გვინდა, ვინმე უმუშევარი დარჩეს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბავშვების ბაღებში დარეგისტრირების პროცესი. როცა ეს პროცესი დამთავრდება და ვნახავ, რომ 900 ბავშვზე დავრჩი... 850 თანამშრომელი მყავს გაერთიანებაში. თქვენ იმუშავებდით 900 ბავშვზე 850 თანამშრომლით? ეს ხომ კატასტროფაა? 850 თანამშრომელი გათვლილი იყო 1 800 ბავშვზე. შემცირებით 400 ადამიანი უნდა დავტოვო უმუშევარი. 400 ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება ჩვენს დროში, ძალიან რთულია. ამიტომ, სჯობს, თანხა ყველამ გავინაწილოთ.

იხილეთ ასევე:

რა ევალებათ ბაღის თანამშრომლებს აღსაზრდელის მშობლებთან მიმართებაში - სტანდარტის დეტალები


ბაღის დირექტორი: „მშობელი რომ პრეტენზიას გამოთქვამს, ის პრობლემა მასთან ერთად უნდა მოაგვარო“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი