დღის თემა
etaloni.ge
რა უწყობს ხელს საბავშვო ბაღისადმი პერსონალის ერთგულებას, შრომითი მოტივაციის ამაღლებას და დასახული მიზნების მიღწევას
16.08.2023

მისიის, ხედვის და ღირებულებების შემუშავების მექანიზმის არჩევაში დაწესებულება თავისუფალია. მთავარია, მან განსაზღვროს თუ რა გზას, რა პროცესს გადის აღნიშნული განაცხადების შემუშავება და ეს პროცესი ასახოს შესაბამის რეგულაციაში, - ვკითხულობთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში.

ავტორიზაციის გასავლელად, საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული მისია, ხედვა და ღირებულებები. მისია, ხედვა და ღირებულებები დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნდა შემუშავდეს.

ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ამ მიმართულებით ითხოვს ინდიკატორი, არის ხედვის, მისიის და ღირებულებების გუნდურად ჩამოყალიბება და პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამშრომელთა ჩართულობას შინაარსის ფორმულირებაში, არამედ შემუშავებული „პროდუქტის“, - მისიის, ხედვის და ღირებულებების, - მიმართ საკუთრების გრძნობის გაღვივებასაც, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაწესებულებისადმი ერთგულებას, შრომითი მოტივაციის ამაღლებას და დასახული მიზნების მიღწევას.

რაც შეეხება დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაწესებულებამ განსაზღვროს ამ მხარეების ჩამონათვალი. დაინტერესებულ მხარეებში შეიძლება შედიოდნენ: ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი, მშობელი/მშობლები, საკონსულტაციო საბჭო - მხოლოდ საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში. ასევე, თუ დაწესებულებას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა თემთან/თემში არსებულ ორგანიზაციებთან - მათ წარმომადგენლებთან. საჯარო დაწესებულების შემთხვევაში, ასევე რეკომენდებული იქნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობაც.

პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა შესაძლოა გაკეთდეს სხვადასხვა მეთოდით. ერთ–ერთი აპრობირებული მიდგომაა, მცირე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მხარეების მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესში ჩართვისას ასევე უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციის ნაწილი.

რეგულაცია შეიძლება არსებობდეს ცალკე დოკუმენტის სახით ან წარმოადგენდეს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის ნაწილს. მნიშვნელოვანია, რეგულაცია ასახავდეს როგორც აღნიშნული განაცხადების ფორმირებისა და შეთანხმების პროცესს, ისე საჭიროების შემთხვევაში, მათში ცვლილებების შეტანის მეთოდებსაც. რეგულაცია უნდა განსაზღვრავდეს პროცესზე პასუხისმგებელ პირსაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისია, ხედვა და ღირებულებები იქმნება ორგანიზაციისთვის. შესაბამისად, თუ დაწესებულება მომსახურებას ახორციელებს რამდენიმე მისამართზე, მაგალითად, საჯარო დაწესებულების შემთხვევაში - გაერთიანება და მისი ბაღები, კერძო დაწესებულების შემთხვევაში კი - ფილიალები, მნიშვნელოვანია ამ ერთეულების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი განაცხადების შემუშავებაში.

თუ ასეთი ერთეულების რაოდენობა ძალიან ბევრია და სამუშაო ჯგუფი ძალიან დიდი გამოდის, დაწესებულებას შესაძლებლობა აქვს მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესში ჩართოს დაინტერესებული მხარეების მცირე ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილის ჩართულობა უზრუნველყოს უკვე შექმნილი დოკუმენტის პროექტების გაზიარებითა და მათგან უკუკავშირის მიღებით.

მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესი არ არის ერთჯერადი აქტი. როგორც წესი, ამ განაცხადების ცვლილება ხშირად არ ხდება, თუმცა თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, შესაძლებელია მოქმედ ვერსიებში ცვლილებების შეტანა ან ახალი განაცხადების ფორმირება. მაგალითად, დაწესებულების მენეჯმენტის ცვლილება, დაწესებულების სტატუსის ცვლილება, განხორციელებული პროგრამების ცვლილება, - სპექტრის მნიშვნელოვანი გაფართოება ან პირიქით, შემცირება, კანონმდებლობის ცვლილება და სხვა.

დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესის დამადასტურებელი მტკიცებულებების შერჩევაში დაწესებულება თავისუფალია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებები ძირითადად გამომდინარეობს იმ მექანიზმიდან, რომელსაც იყენებს დაწესებულება. მტკიცებულებებად შეიძლება გამოყენებული იყოს პროცესების ამსახველი ნებისმიერი მასალა, იქნება ეს იურიდიული წონის დოკუმენტები თუ ყოფითი მტკიცებულებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანება, ჯგუფის სხდომის ოქმები, მისიის, ხედვის, ღირებულებების შემუშავებისას გამოყენებული განსხვავებული ვარიანტების ჩამონათვალი, მიმოწერა ან სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ვერსიები და სხვა. მტკიცებულებად შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაო ჯგუფის წევრების მოწვევის შესახებ წერილები, ფოტო მასალა, რომელიც ასახავს ჯგუფის მუშაობას და სხვა.

იხილეთ ასევე:

„საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელ–პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე“ - კურიკულუმი და ბავშვთა რაოდენობა

„თუ ბაღმა გაუაზრებლად განსაზღვრა პრინციპი, რომელიც მიმზიდველად ჟღერს, დაწესებულების საქმიანობით დაინტერესებული პირი იგრძნობს იმედგაცრუებას“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი