დღის თემა
etaloni.ge
ბავშვთან ურთიერთობის როგორი სტილი უნდა აირჩიოს უფროსმა - „ამ სიტყვის მნიშვნელობა „ცვდება“ და პატარა ზედმეტად დამოკიდებული ხდება შექებაზე“
16.08.2023

უფროსის მხრიდან ბავშვებთან ურთიერთობისას მორგებული რამდენიმე როლი არსებობს. უფროსები ხშირად დირექტორის, - დირექტიული სტილის, - როლს ირგებენ და ბავშვებთან ურთიერთობისას ან ინსტრუქციებს იძლევიან, ან შეკითხვებს სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ, დროდადრო, ამ როლის გამოყენებაც საჭიროა, მუდმივად ამ სახის ურთიერთობები თრგუნავს და ბავშვების მხრიდან ინიციატივის გამოჩენისა და კომუნიკაციის წამოწყების სურვილს აფერხებს, - აღნიშნულია მშობლებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში, „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“, რომლის ავტორებიც სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები არიან.

ამავე პუბლიკაციაში აღწერილია უფროსების სხვა როლების შესახებაც.

ხშირია „მოჩქარეს“ როლი. სამწუხაროდ, ბავშვთან ურთიერთობისას იმაზე ხშირად გვესმის სიტყვები „ჩქარა“, „სწრაფად“, ვიდრე ეს საჭირო და სასარგებლოა. მუდმივი დაჩქარება ბავშვებს სიმშვიდეს უკარგავს და შფოთვის ხარისხს უზრდის.

მშობლები ხანდახან ზედმეტად მოდუნებულ სტილს ირჩევენ და ძირითადად პასიური დამკვირვებლის როლში არიან. დროდადრო ბავშვებს მართლაც სჭირდებათ „თავის დანებება“, მაგრამ, ამ როლის ხშირი მორგება, ბავშვებს შესაძლებლობას ართმევს, ჰყავდეს მზრუნველი პარტნიორი, რომელიც მას განვითარებასა და სამყაროს შემეცნებაში ეხმარება.

უფროსებისათვის დამახასიათებელია ზემზრუნველის როლიც. მათი აზრით, ბავშვი თავს ვერ გამოხატავს და ამიტომ მათ ნაცვლად ლაპარაკობენ, ან დახმარებას სთავაზობენ მანამდე, სანამ ისინი ამის რამენაირ საჭიროებას გამოხატავენ. უფროსების ეს როლი ბავშვების დახმარების სურვილითაა გამოწვეული, მაგრამ ბავშვი სწავლობს, რომ მისგან ბევრს არ ელიან.

დამჯილდოებლის როლში უფროსები ცდილობენ, ყველაფერზე დადებითი კომენტარი გააკეთონ და ხშირად ამბობენ სიტყვა „ყოჩაღ“-ს. ამ სტილის უარყოფითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ, ჯერ ერთი, ამ სიტყვის მნიშვნელობა „ცვდება“ და მეორე, ბავშვი ზედმეტად დამოკიდებული ხდება შექებაზე. გარდა ამისა, „დამჯილდოებელი“ ადამიანები, როგორც წესი, ბავშვთან კომუნიკაციას შექებით ასრულებენ მაშინ, როდესაც მისი უფრო საინტერესოდ გაგრძელებაც შეიძლება.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ბავშვმა მანქანა დახატა და დედას აჩვენებს: „დედა, შეხედე, როგორი მანქანა დავხატე!“ „დამჯილდოებლის“ როლში მყოფი დედა შვილს უპასუხებს: „ყოჩაღ, მაგარი მანქანაა!“ და ინტერაქცია აქ დასრულდება.

სხვა სცენარით, დედა პასუხობს: „რა მაგარი მანქანაა! სად აპირებ წასვლას შენი მანქანით?“

კომუნიკაციის ის სტილი, რომელიც ბავშვსა და მისი დედის დიალოგში შეიძლება გამოჩნდეს, ბავშვს აჩვენებს, რომ დედა მისი საქმიანობით დაინტერესებულია, რაც ბავშვის თვითშეფასების ზრდას უწყობს ხელს. ეს კი ბავშვს ეხმარება, გამოიჩინოს მეტი ინიციატივა, დაფიქრდეს მეტ თემაზე და წარმოიდგინოს მეტი რამ.

ურთიერთობის ამ სტილს გულისხმიერს უწოდებენ. ამ როლში უფროსი შეწყობილია ბავშვის ინტერესებთან, საჭიროებებთან და შესაძლებლობებთან. ბავშვებთან ურთიერთობის გულისხმიერი სტილი გულისხმობს, რომ უფროსი სითბოთი და ინტერესით პასუხობს ბავშვის ინიციატივებს, რაც წაახალისებს მას, აქტიურად იყოს ჩართული კომუნიკაციაში.

გულისხმიერი კომუნიკაციური სტილის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ბავშვთან საუბრისას არიან მათ სიმაღლეზე, ამყარებენ მათთან თვალით კონტაქტს, ყურადღებით უსმენენ და ხშირად უღიმიან. აქტიური მოსმენა ნიშნავს, რომ ბავშვს არ ვაწყვეტინებთ და არ ვვარაუდობთ, რის თქმა უნდა ბავშვს, სანამ ის საუბარს დაასრულებს.

იხილეთ ასევე:

„უფალო, დამიფარე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მუდამ კარგად იქნება“ - მწერლის ლოცვა

რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი