მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საბავშვო ბაღი ტოკიოს გარეუბანში, ტოჩიკავაში მდებარეობს. ოვალური ფორმის მქონე არასტანდარტული შენობის არქიტექტორი იაპონელი ტაკაჰარუ ტეზუკაა.
ტოჩიკავას ბაღის სააღმზრდელო პოლიტიკა ეფუძნება მონტესორის მეთოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ცხოვრებას პატარა აღმოჩენების გზით სწავლობენ და ეძლევათ სრული თავისუფლება, ბაღის სივრცეში გადაადგილდნენ, იხტუნონ, იწუწაონ და დაკავდნენ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საქმიანობით.
ბაღი გათვლილია 600 ბავშვზე და მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შენობის ოვალური ფორმის წყალობით, ყველა ოთახი თუ სივრცე ერთმანეთთან არის დაკავშირებული და იძლევა წრეზე სიარულის საშუალებას.
სახურავი გამოიყენება როგორც დამატებითი სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაუსრულებლად ირბინონ და ითამაშონ თავისუფალ სივრცეში, ყოველგვარი საზღვრებისა და შეზღუდვების გარეშე.
ბაღის არქიტექტორი იხსენებს, საბავშვო ბაღის გახსნის პირველი დღე საკმაოდ ემოციური იყო და ის, სკოლამდელი დაწესებულების დირექტორთან ერთად, შორიდან აკვირდებოდა ბავშვებს, რომლებმაც შენობაში შესვლისთანავე დაიწყეს წრეზე სირბილი.
„ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ბავშებში თამაშისა და სირბილის ინსტინქტი“, - ამბობს ტაკაჰარუ ტეზუკა.
არქიტექტორი ბაღის კონცეფციას „ნოსტალგიურ მომავალს“ უწოდებს. მისი აზრით, ეს გახლავთ ხედვა მომავლისა, სადაც ბავშვები ელექტრონული მოწყობილობებისა და გაჯეტების ნაცვლად ბუნებრივ და რეალურ გარემოში თამაშს ირჩევენ.
მეორე სართულის სივრცეს შემოვლებული აქვს მოაჯირი, რომლის მთავარი დანიშნულება უსაფრთხო გარემოს შექმნაა. თუმცა, ამავდროულად, მოაჯირის ბოძებს შორის არსებული დაშორება იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებს შეეძლოთ ფეხების გადაყოფა მეორე სართულიდან, რაც მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებს.
როგორც არქიტექტორი ამბობს, მეორე სართულზე არსებული ჭრილები პირველი სართულის სივრცისთვის ბუნებრივი შუქის წყაროს ქმნის. ამას გარდა, ე.წ. ჭერის ფანჯრების საშუალებით მეორე სართულზე მყოფი პატარები იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას და „უთვალთვალებენ“ ქვემოთ მყოფ ჯგუფელებსა და მასწავლებლებს.
ტეზუკას აღნიშული პროექტის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი სართულის სივრცე აღჭურვილია სრიალა კარის სისტემით. კარგი ამინდის შემთხვევაში, ეს დეტალი საკლასო ოთახების გარე სივრცესთან გაერთიანების საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის.
ღია საკლასო ოთახებიდან გამომავალი 600 ბავშვის ხმა ქმნის „თეთრი ხმაურის“ ეფექტს. ეს არის ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელი „ხმაური“, რომელიც, მეცნიერების აზრით, ადამიანის განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.
ტაკაჰარუ ტეზუკა მიიჩნევს, რომ სტანდარტული საკლასო ოთახის დიზაინი არაბუნებრივი, ნაკლებად პროდუქტიულია და სივრცის თავისუფალი დაგეგმარება ბავშვებში ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და გუნდური მუშაობის განვითარებას. რაც მთავარია, ეს არ ხდება ჩუმად ყოფნისა და ერთ ადგილზე გამართულად ჯდომის იძულებით.
„ისევე როგორც თევზი ვერ ცოცხლობს ძალიან სუფთა წყალში, ბავშვებსაც არ შეუძლიათ იცხოვრონ სუფთა, ჩუმ და სრულად კონტროლირებად გარემოში“, – ამბობს ტაკაჰარუ ტეზუკა.
წყარო: Dezeen.com
იხილეთ ასევე: