მწერალი და ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი მშობლებს მოუწოდებს, ნუ დაიზარებენ, შვილებს მოუმზადონ საუზმე თუ სადილი, აულაგონ საწოლი და საერთოდ, შეარგონ ბავშვობა.
„მოუმზადეთ შვილებს საუზმეები, სადილები. გაუხუხეთ პურები. დაუსხით ჩაი. როცა შეჭამენ, დარეცხეთ მათი ჭიქები, თეფშები. აალაგეთ შვილების საწოლები. გადაუწმინდეთ მტვერი საწერი მაგიდიდან. გამოუგავეთ ოთახები. გაფინეთ თოკებზე მათი ტანსაცმელი.
რატომ? აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რამდენჯერ გიოცნებიათ უკვე დიდებს, ნეტა, საწოლი ვინმემ ამილაგოს. ნეტა, საუზმე ვინმემ მომიმზადოს. ნეტა, სარეცხი ჩემს მაგივრად სხვამ გარეცხოს. ნეტა, იატაკი არ მქონდეს მოსაწმენდი, ნეტა, ვინმე დამახვედრებდეს სახლში ცხელ სადილს... აი, ამიტომ.
ჰოდა, შევარგოთ შვილებს ბავშვობის რამდენიმე წელი და გავუკეთოთ ის, რის გაკეთებაც მათ მთელი ცხოვრება მოუწევთ, დაღლილებს და დაქანცულებს.
და აქვე, ძალიან გთხოვთ, ნუ მომიყვებით თეორიებს აღზრდის მეთოდებზე. ადრეული ასაკიდანვე შრომის მიჩვევასა და მის სიკეთეებზე. და კიდევ აქვე: მადლობა დედას, რომ შემარგო ბავშვობა“, - წერს ნინო თარხნიშვილი.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების სპეციალისტის 8 შეგონება ბაღის აღმზრდელებს