დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი
09.11.2022

საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში წერია, სადაც ერთი მუხლი მთლიანად ბავშვთა დაცვას ეხება.

საბავშო ბაღის პერსონალი ასევე ვალდებულია, ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

მუხლი ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ასეა ჩამოყალიბებული:

1. დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია.

2. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე.

3. დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის მომზადება და გადამზადება უნდა მოიცავდეს მათ სწავლებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის, ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის რეგულირების ეფექტიანი მექანიზმებისა და უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების თაობაზე.

4. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის თავიდან აცილება (მათ შორის, ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაცია, შეფასება, მის შესახებ შეტყობინება და მასზე შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.

5. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში გამოყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი