დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა მოქმედებდეს სატელეფონო ცხელი ხაზი - რას ავალდებულებს ბავშვის უფლებათა კოდექსი ბაღებს
10.08.2023

ბავშვის უფლებათა კოდექსში არის რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვთა უფლებებს განსაზღვრავს.

ამ კოდექსის მიხედვით:

► სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობა განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით და ბავშვისთვის უფასო, ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;

► ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდება;

► განათლების ინკლუზიურმა სისტემამ  უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბრად მიწოდება, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების ან/და უნივერსალური დიზაინის გამოყენებით;

► უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებების პედაგოგებისა და სხვა ძირითადი პერსონალის პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნა, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების აუცილებელი წინაპირობაა;

► ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში უნდა მოქმედებდეს სატელეფონო ცხელი ხაზი ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად;

► სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები უნდა შეიმუშაოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით;

► ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ეს მექანიზმები არ უნდა ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას;

►ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების, ალტერნატიული ზრუნვისა და პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ფიზიკური აღზრდის, ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების მართვის, მათ შორის, მომზადებისა და რისკების შემცირების, მექანიზმების დანერგვა;

► აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას;

► სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების სისტემებში და ალტერნატიული ზრუნვის ყველა მომსახურების მიწოდებისას ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, არსებული კონფიდენციალური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების პროცედურებისა და მექანიზმების და სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ.

იხილეთ ასევე:

„ადრეული ასაკის ბავშვებს ეს ინფორმაცია შეიძლება სიმღერის ან ცეკვის საშუალებით დავასწავლოთ“ – ფსიქოლოგის 7 რჩევა

„საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი“ - სკოლამდელი დაწესებულების სტანდარტის 10 ინდიკატორი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი