2021–2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამაში, სტრატეგიაში ცვლილებები შევიდა და დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს, 10 აგვისტოს მოაწერა.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, უნდა დაინერგოს სკოლამდელი ბილინგვური განათლების მოდელი და მოხდეს მისი ხელშეწყობა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აფერხებს სახელმწიფო ენის სრულფასოვან ფუნქციონირებას, არის ქართული ენის სწავლების არასათანადო ხარისხი როგორც სკოლამდელ, ისე ზოგადსაგანმანათლებლო და უფრო მაღალ საფეხურზეც, - წერია დოკუმენტში.
„აუცილებელია, პროექტში გამოიკვეთოს და დაჩქარდეს ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო რესურსების გადახედვა (როგორც შინაარსის, ისე ენობრივი, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით) და განახლება“, - აღნიშნულია დადგენილების რეკომენდაციებში, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ გაუგებარია, რომელი სასწავლო რესურსების გადახედვა იგულისხმება სკოლამდელი დაწესებულების რესურსებში, ვინაიდან აღნიშნულ საფეხურზე არსებობს მხოლოდ აღმზრდელის მეთოდოლოგიური რესურსები და არა - ბავშვის ტექსტური რესურსები.
როგორც სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის და სკოლამდელი ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვის მიზნით, ამ პროცესში უნდა ჩაერთონ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები მათი რეგულარული მომზადების გზით:
ბილინგვური სკოლამდელი განათლების დასანერგად, ე.წ. „ქოუჩინგის“ პროცესში უნდა ჩაერთოს 60-მდე ორენოვანი და ადგილობრივი აღმზრდელი. მათი პარტნიორი კი მასწავლებლის სახლი უნდა გახდეს.
ასევე, უნდა მოხდეს სკოლამდელი ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვის ხელშემწყობი რესურსის შექმნა. ამ მიზნით კი, სულ მცირე, 2 გზამკვლევი უნდა შეიქმნას.
უნდა მოხდეს ასევე სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებში და მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტში, გამოყენებულ ტერმინთა შესწავლა, ანალიზი და ტერმინთა სიის შექმნა.
იხილეთ ასევე:
ბაღიდან ორი ბავშვი გაეპარათ - „ხვალ და ზეგ ვინ შეეწირება ამ უყურადღებობას, არავინ იცის“
რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება