დღის თემა
etaloni.ge
ბაღიდან ორი ბავშვი გაეპარათ - „ხვალ და ზეგ ვინ შეეწირება ამ უყურადღებობას, არავინ იცის“
10.08.2023

გორში მცხოვრები თამარ დემეტრაშვილი ქალაქის კერძო საბავშვო ბაღში მომხდარ სამწუხარო ფაქტზე ყვება. როგორც მშობელი ამბობს, მისი 2 წლის შვილი აღმზრდელებს ორჯერ გაეპარათ.

„მინდა მოგიყვეთ ერთ ძალიან საყურადღებო ამბავი, რომელიც არცერთ მშობელს და სხვა ადამიანებს გულგრილს არ დატოვებს. სამწუხაროდ, ამ ფაქტს რეაგირება არ მოყოლია ზემდგომი ორგანოების მხრიდან და ღმერთმა არ ქნას, ვინმეს შვილი შეეწიროს ოდესმე მსგავსი უყურადღებო ადამიანების ქცევას.

ჩემი შვილი მივიყვანე ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში - „სოფო ბებოსთან“. ბავშვი არის ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური, მუდმივად სურს ბავშვებთან ურთიერთობა და გამომდინარე აქედან, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

 თავიდან ყველაფერი თითქოს ნორმალურად მიდიოდა. დიდი პროტესტი არ გამომითქვამს დეტალებზე, რომ ბაღი არ იყო განსაკუთრებით კეთილმოწყობილი და ბავშვებს ეზოში 3 კვადრატულ მეტრზე მეტი სივრცე ფაქტობრივად არ ჰქონდათ, რომ ეთამაშათ და ა.შ.

ერთ დღესაც, მივდივარ ბაღში ბავშვის გამოსაყვანად და გზიდან დავინახე, რომ მოდის პატარა ბავშვი. ჩემს შვილს ჰგავდა, თუმცა ვერ დავუშვი, რომ ეს პატარა შეიძლებოდა, ჩემი შვილი ყოფილიყო. სანამ გონზე მოვედი, ამ დროს ბავშვმა მიცნო და გამოიქცა ჩემკენ. მართლა წარმოუდგენელი შოკია, როდესაც წლის და 8 თვის შვილი, რომელიც ბაღში გყავს მიბარებული და ფიქრობ, რომ ის უსაფრთხოდაა, გხვდება გზაზე, სახლისკენ მომავალი... ახსოვდა ბავშვს სახლის გზა და მოდიოდა. როგორც ჩანდა, ბავშვები ეზოში იყვნენ და ეზოს კარი დატოვეს ღია, მასწავლებელი ოთახში იყო და არც სხვა ბავშვებს აქცევდა ვინმე ყურადღებას. ჩემი შვილი კი ღია კარში გამოვიდა და წამოვიდა სახლისკენ.

სანამ გონზე მოვედი და ბავშვით ხელში მივბრუნდი ისევ ბაღში, რომ გამეგო რა მოხდა და ბავშვის ჩანთაც წამომეღო, დაახლოებით 5-6 წუთი გავიდა და ამ დროს მასწავლებელი ისევ ოთახში იყო. რომ დამინახა რა მდგომარეობაშიც ვიყავი - წაშლილი სახე მქონდა, მკითხა, რა მოხდა, რა გჭირსო. მან ისევ არ იცოდა რომ ეზოდან ბავშვი დაკარგა და ამ დროის განმავლობაში სად შეიძლება წასულიყო ბავშვი, ღმერთმა იცის!

პირველი ფაქტის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე მკაცრად გავესაუბრეთ ყველა მასწავლებელს და კატეგორიულად გავაფრთხილეთ, რომ ერთი მსგავსი უყურადღებო შემთხვევა და ჩემი შვილი, თავის სიცელქიდან გამომდინარე, აუცილებლად ისევ გამოიპარებოდა, თუ კარს როდესმე ისევ ღიას დატოვებდნენ. მივიღეთ ათასი ბოდიში და მადლობა, რომ ასე  გაგებით მოვეკიდეთ ამ საკითხს და დაგვპირდნენ, ყურადღებას გავაასმაგებთო.

დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მივედი ბაღში ბავშვის გამოსაყვანად და ეზოს კარი ისევ ღია დამხვდა. ჩემთვის უცნობ, ხნიერ ქალბატონს ჰყავდა 3 ბავშვი ჩაბარებული, ტიროდა და ხმამაღლა ამბობდა - ბავშვები დაიკარგნენო. ქალბატონს ვკითხე, რას ნიშნავს, დაიკარგნენ, ვინ დაიკარგა, ჩემი შვილი გაიპარა ისევ-მეთქი? არ ვიცი, 2 ბავშვია დაკარგულიო. შეშინებულმა წამში შემოვირბინე ბაღის ყველა კუთხე და ოთახი. ჩემი შვილი არსად იყო. გამოვარდი გარეთ, რომ გარე ტერიტორიაც დამეთვალიერებინა. დავინახე,  მასწავლებელს ხელში აყვანილი მოჰყავდა ჩემი შვილი. მასწავლებელს ვკითხე, ვინ დაიკარგა, მართა გაიპარა ისევ-მეთქი? არა, სხვა ბავშვიო და გააგრძელეს იმ „სხვა ბავშვის“ ძებნა და სირბილი. მეორე ბავშვის დედამ დარეკა პატრულში, რადგან მის შვილს ვერ პოულობდნენ და მალევე მოვიდა პატრულის 6-7 ეკიპაჟი. ამასობაში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოიყვანა მშობელთან დაკარგული ბავშვი.

ადგილობრივები ბაღთან მოგროვდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, აბა, იპოვეს ორივე ბავშვიო. ? ამ დროს, მასწავლებელი მატყუებს, რომ ჩემი შვილი არ იყო დაკარგული, რადგანაც უკვე ხელში ეჭირა და ეცადა, გავეჩუმებინე. ბაღიდან ბავშვის გაპარვის 2 ფაქტი დაფიქსირდა 1 თვეში!

პოლიციის მოსვლიდან მალევე მოიყვანეს ნაპოვნი ბავშვი მეზობლებმა, პოლიციამ გაუცინა ბავშვს, სურათი გადაუღო და წავიდა. რადგან მსხვერპლი არაა, სანერვიულოც არაფერია - აი ამ ლოგიკით!

პოლიციის წასვლის შემდეგ, მეორე ბავშვის მშობელი ებოდიშებოდა ბაღის მფლობელს, რომ პატრულში დარეკა და გაახმაურა - აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ გეწყინოსო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ ბაღის მფლობელი თურმე მისი შინაურია. რა გასაკვირია, გორში ყველა ვიღაცის შინაურია და მსგავსი თემები ესე გვარდება!

ბაღის დატოვების შემდეგ, წავედი პარკში, სადაც ბავშვი იპოვნეს. ადგილზე საკმაოდ ბევრი თვითმხილველია. ყველა სათითაოდ ყვება, თუ როგორ დაინახეს 2 პატარა ბავშვი, რომლებიც სასრიალოებზე სრიალებდნენ სრულიად მარტო, ერთ საათზე მეტხანს. გვითხრეს, თავიდან გაგვიკვირდა, მარტო როგორ გამოუშვეს ეს პატარა ბავშვებიო, თუმცა მერე ვიფიქრეთ, ალბათ აქვეა პატრონიო. ითამაშეს ბავშვებმა ერთი საათი და შემდეგ, როგორც ჩანს, ჩემი შვილი უფრო ადრე წავიდა უკან. ჯერ ჩვენს კორპუსთან მდგარა, ალბათ მელოდებოდა, რადგან ვერ ამოვიდოდა მე-9 სართულზე. პარკში მყოფი ადამიანი მიყვებოდა, ჩემი მეგობარი მივიდა და ჰკითხა, რამდენი წლის ხარო და თითით 1 უჩვენებია. სახელი უკითხავს და აღარ უპასუხია, რადგანაც ბავშვები ჯერ ვერ ლაპარაკობენ. შემდეგ ისევ წავიდა ბაღისკენ. როგორც ჩანს და ამ დროს დაინახა მასწავლებელმა და მეც მაგ პერიოდში მივედი ბაღში. მეორე ბავშვი ალბათ ვერ გაერკვა სად იყო და მოგვიანებით იპოვნეს.

აღნიშნულ საკითხზე საბავშვო ბაღის პასუხისმგებლობა არის 0! კარგად მოაგვარეს „შინაურულად“ და დაივიწყეს. ბაღის მეპატრონეს ათჯერ ვუთხარი, მისულიყო ადგილზე და თვითონ გასაუბრებოდა თვითმხილველებს, მაგრამ რა თქმა უნდა იმალება და არ აინტერესებს! აქეთ მისაყვედურა, მამამისს რატომ გააგებინე ეს ამბავიო. კარგად „დამუშავებულმა“ მშობელმა, თვითონ გადაიბრალა - ბავშვი მე გამეპარაო და როდესაც ბაღის დამფუძნებელს ჰკითხეს, აბა პატრულში რატომ დარეკეო, ისე უაზროდ და სასაცილოდ უპასუხა - ასე ჩავთვალე საჭიროდო, რომ უჭკუოც კი მიხვდება, დადგმულ ზღაპარს.

ასეთ ადამიანებზე ხელის დაფარება არის დანაშაული! ხვალ და ზეგ ვინ შეეწირება ამ უყურადღებობას, არავინ იცის!“, - ყვება თამარ დემეტრაშვილი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს საბავშვო ბაღის წარმომადგენელი. როგორც ის „TV მონიტორინგთან“ ამბობს, ბავშვი თვალს მაშინ მიეფარა, როცა უკვე დედასთან ერთად იყო.

„ბავშვი არ გაპარულა. გვერდით კორპუსში ცხოვრობს. დედასთან ერთად იყო და იქვე თვალს მიეფარა. მამაც მანქანაში ელოდებოდა. ბავშვი დედამ მოძებნა... პოლიციის გამოძახება ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ეს ჩემი მოვალეობა იყო“, - ამბობს ბაღის წარმომადგენელი.

იხილეთ ასევე:

„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?

„თუ ბავშვები არ გიყვართ, ბაღში ნუ იმუშავებთ, რადგან მათ უფუჭებთ ფსიქიკას და დამოკიდებულებას უცვლით მასწავლებლების მიმართ“ - მშობლების პროტესტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი