სიკვდილის შესახებ მანამდე უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, ვიდრე ეს მათ შეეხება. Skolamdelebi.ge მშობლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს, „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“, მიხედვით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც პატარებთან ურთიერთობაში ამ თემის განხილვისას დაგეხმარებათ.
► როდესაც რომელიმე ოჯახის წევრი ან ახლობელი კვდება, ეს ოჯახის ყველა წევრზე ახდენს გავლენას. ცუდი აზრია ბავშვების ახლობლებთან და ნათესავებთან გაგზავნა, რადგან სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ ოჯახური კომფორტის და სტაბილობის შეგრძნება. მიეცით საშუალება, იგლოვონ ოჯახთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მათზე ზრუნავს და არა განცალკევებით.
► ეცადეთ, არ შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა. უნდა ეცადოთ, შეინარჩუნოთ წესები და თანმიმდევრულობა კვებისა და ძილის რეჟიმში. რუტინის დარღვევა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ბავშვების განწყობაზე. რაც უფრო სტაბილური იქნება ყოველდღიურობა ბავშვებისათვის, მით უფრო მარტივი იქნება მათთვის გამკლავება.
► მიეცით ბავშვებს საშუალება, იგლოვონ თავისებურად. გლოვა ყველაზე ბუნებრივი პასუხია სიკვდილზე და ბავშვებს ისევე სჭირდებათ გლოვა, როგორც ზრდასრულებს. მშობლებმა არ უნდა ცადონ, დაიცვან შვილები საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან დაკავშირებული სევდის განცდისგან. ზოგჯერ ბავშვების რეაქციები, ახლობლის სიკვდილზე, არ ემთხვევა მშობლების მოლოდინებს. ზოგიერთი არ ტირის და არ გამოხატავს მწუხარებას. სხვები შესაძლოა შეუსაბამო შეკითხვებს სვამდნენ. ბავშვები ერთნაირად არ გლოვობენ. ცუდი აზრია, ბავშვებს მოვთხოვოთ მწუხარების გამოხატვა, ან პირიქით, მოიქცნენ „ვაჟკაცურად“ და არ იტირონ. ამის ნაცვლად, დავეხმაროთ, გამოხატონ ნებისმიერი ემოცია, რასაც განიცდიან.
► ნუ დამალავთ თქვენს მწუხარებას. გამოხატეთ თქვენი სევდა, აუხსენით ბავშვებს თქვენი მწუხარების მიზეზი და დაარწმუნეთ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან. მეორეს მხრივ, ნუ მიმართავთ შვილებს ემოციური მხარდაჭერისთვის. შვილებს უნდა მიეცეთ საშუალება, იგლოვონ მგლოვიარე მშობლების მხარდაჭერის პასუხისმგებლობის გარეშე.
► დაამშვიდეთ. როდესაც ბავშვები პირველად ეხებიან სიკვდილის თემას, შესაძლოა, დაიწყონ ღელვა საკუთარ, მშობლების და ახლობელი ადამიანების სიკვდილზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა აქცენტი გააკეთონ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის დარწმუნებით, ვინ როდის მოკვდება, დიდი ალბათობით, ისინი არ მოკვდებიან კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს.
იხილეთ ასევე: