მშობლებისთვის ძალიან რთულია შვილებთან სიკვდილის თემის განხილვა. ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, გვქონდეს სურვილი, დავიცვათ ბავშვები ამ თემასთან დაკავშირებული ტკივილისა და სევდისგან, თუმცა, სამწუხაროდ დგება ხოლმე საჭიროება, რომ პატარები მათთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანის დაკარგვას გაუმკლავდნენ, - წერია სახელმძღვანელოში, „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“, სადაც დეტალურად არის განხილული, თუ როგორ შეიძლება ასეთ დროს მშობელმა შვილთან იურთიერთოს.
ამ დროს მათ მშობლების მხრიდან ზრუნვა, სიყვარული, მხარდაჭერა და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღება სჭირდებათ, რაც არც ისე მარტივი ამოცანაა.
ახლობელი ადამიანის დაკარგვისას პატარები განიცდიან ძალიან ძლიერ და რთულ გრძნობებს. მათ სჭირდებათ მშობლების დახმარება იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს ეს გრძნობები და როგორ გაუმკლავდნენ მათ. ისე, როგორც არასდროს, ისინი შემოგყურებენ თქვენ და ელიან თქვენს მხარდაჭერას. შვილთან სიკვდილზე საუბარი განსაკუთრებულად რთულია მაშინ, როდესაც თავად გიწევთ მწუხარებასთან გამკლავება. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენზე დაკვირვებით სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ დარდს.
უფროსებს შეუძლიათ, დაეხმარონ ბავშვებს სიკვდილის არსის გაგებაში. იგულისხმება არამხოლოდ ფაქტების მშრალად მიწოდება, არამედ ახალი კონცეპტების გააზრებაში დახმარება. ამ ტიპის მხარდაჭერა ეხმარება ბავშვებს, ადაპტირდნენ დანაკარგთან და ჩვეულ რიტმში განაგრძონ ცხოვრება.
ასაკიდან გამომდინარე, წინასწარ ნუ ივარაუდებთ, რა შეიძლება იცოდეს თქვენმა შვილმა სიკვდილის შესახებ. ამის ნაცვლად, ილაპარაკეთ მის აზრებზე, ფიქრებსა და გრძნობებზე. როცა ამ ყველაფერს გაგიზიარებენ, უკეთ მიხვდებით, კიდევ რა უნდა ისწავლონ.
სიკვდილი შეუქცევადია
მულტფილმებში, სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ბავშვები ხედავენ, რომ პერსონაჟები კვდებიან, შემდეგ კი ისევ ცოცხლდებიან. მნიშვნელოვანია განვუმარტოთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება.
ბავშვები, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით ეს კონცეპტი, შესაძლოა სიკვდილს უყურებდნენ როგორც დროებით განშორებას. შესაძლებელია, ბავშვებს ეგონოთ, რომ გარდაცვლილი ადამიანი სადღაც შორს წავიდა. ხშირად უფროსები განამტკიცებენ ამ მოსაზრებას, როცა გარდაცვლილზე ამბობენ, რომ „შორეულ მოგზაურობაში წავიდა“. ამ დროს შესაძლოა, ბავშვები ბრაზობენ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანი არ რეკავს ან არ ბრუნდება მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.
თუკი ბავშვები სიკვდილზე, როგორც სამუდამო მოვლენაზე არ ფიქრობენ, მათ საკმარისი მიზეზი არ აქვთ გლოვისთვის. გლოვა რთული პროცესია, რომელიც ადამიანებისგან მოითხოვს შეეგუონ გარდაცვლილთან არსებული კავშირების გაწყვეტას. პირველი და არსებითი ნაბიჯი ამ პროცესში იმის გააზრება და მიღებაა, რომ დანაკარგი სამუდამოა.
ყველა სასიცოცხლო ფუნქცია საბოლოოდ სრულდება სიკვდილის მომენტში
ხშირად პატარა ბავშვები უსულო საგნებსაც ისე აღიქვამენ, როგორც ცოცხალს. დაბნეულობას ამ საკითხთან დაკავშირებით იზრდება, როცა ვეუბნებით, რომ თოჯინას შია ან ეძინება; სახლში მოსვლა იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ მანქანა გზაში მოკვდა და ა.შ. ხშირად ბავშვებს სთხოვენ, ესაუბრონ გარდაცვლილ ოჯახის წევრს, რომ ის მათ „ზეციდან უყურებს“ და ა.შ. მსგავსი შინაარსის კომენტარები ხშირად დამაბნეველი და შემაშინებელიც კი შეიძლება იყოს პატარებისთვის. მათ შესაძლოა იცოდნენ, რომ გარდაცვლილი არ მოძრაობს, მაგრამ სჯეროდეთ, რომ ამის მიზეზი კუბოს ზედმეტად პატარა ზომაა. შესაძლოა იცოდნენ, რომ ადამიანი ვერ ხედავს გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მიზეზად მიწისქვეშა სიბნელე მიაჩნდეთ. ეს ბავშვები შეიძლება განიცდიდნენ გარდაცვლილის ფიზიკურ სატანჯველს.
როდესაც ბავშვებს ვაწვდით ინფორმაციას სასიცოცხლო ფუნქციების შესახებ, მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ ეს ფუნქციები ადამიანის სიკვდილის მომენტში სრულდება. მაგალითისთვის, მხოლოდ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ ფიქრობდნენ, ეშინოდეთ, შიოდეთ ან გრძნობდნენ ტკივილს. მხოლოდ ცოცხლებს უცემთ გული ან სჭირდებათ ჰაერი, რომ ისუნთქონ. რელიგიურმა უფროსებმა შეიძლება აუხსნან ბავშვებს, რომ ადამიანში არის რაღაც ნაწილი, რომელსაც ვერც ვხედავთ და ვერც ვეხებით და მას სულს ეძახიან. სული აგრძელებს ცხოვრებას ისეთ ადგილას, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და არც მონახულება შეგვიძლია.
ყველაფერი, რაც ცოცხალია, საბოლოოდ კვდება
პატარებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ხშირად უჭირთ სიკვდილისთვის საზრისის მინიჭება. თუკი ისინი ვერ ხვდებიან, რომ სიკვდილი სიცოცხლის გარდაუვალი ნაწილია, შესაძლოა არასწორად ახსნან კონკრეტული სიკვდილის მიზეზი. შესაძლოა ივარაუდონ, რომ მიზეზი მათი ცუდი საქციელია ან რამეს ისე ვერ გაკეთება, როგორც საჭირო იყო. შესაძლოა სჯეროდეთ, რომ მიზეზი მათი „ცუდი ფიქრებია“, რასაც დანაშაულის განცდამდე მივყავართ. შესაძლოა, ასევე ივარაუდონ, რომ გარდაცვლილი ადამიანი რამე ცუდს აკეთებდა ან ფიქრობდა, ან არ აკეთებდა რაღაცას, რაც უნდა გაეკეთებინა. ამას მივყავართ სირცხვილის განცდამდე.
ამ ტიპის რეაქციები ართულებს დანაკარგთან გამკლავების პროცესს. ბევრ ბავშვს არ სურს სიკვდილზე საუბარი, რადგან ეს მათში მძიმე ემოციებს – სირცხვილის და დანაშაულის განცდას იწვევს.
როდესაც პატარებს ამ კონცეპტზე ესაუბრებით, აუხსენით, დაარწმუნეთ, რომ თქვენ კარგად ხართ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოთ. აუხსენით, რომ თქვენ იმედოვნებთ და აპირებთ, იცოცხლოთ კიდევ ძალიან დიდხანს, სანამ თქვენი შვილები ზრდასრულები არ იქნებიან. ეს შინაარსი განსხვავდება იმისგან, როცა ეუბნებით, რომ თქვენ ან ის არასდროს მოკვდებით.
სიკვდილს თავისი ფიზიკური მიზეზები აქვს
ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რა გახდა მათი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. თუკი ასე არ მოხდა, შესაძლოა, მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც სირცხვილის ან დანაშაულის განცდას გამოიწვევს.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს, გაიაზრონ რა მოხდა. აუხსენით მოკლედ, პირდაპირი ფორმით და მარტივად. მიეცით საშუალება, დასვან კითხვები, რათა კიდევ უფრო დეტალურად აუხსნათ, რაც აინტერესებთ. გრაფიკული დეტალების აღწერა არ არის საჭირო და ეს მაქსიმალურად უნდა აირიდოთ თავიდან.
იხილეთ ასევე:
როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაში - რეკომენდაციები