ავტორიზაციის პროცესს აღმზრდელებისთვის ბევრი ბენეფიტი მოაქვს, - ამბობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ხითარიშვილი და აღნიშნულ ბენეფიტებს ასახელებს.
ნინო ხითარიშვილმა ერთ-ერთ ვებინარზე, სადაც სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საუბრობდნენ განმარტა, რომ ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით, თუ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა დადგენილს გადააჭარბებს, ეს აღმზრდელების დატვირთვას არ გაზრდის.
„საბოლოოდ დადგინდა ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა იმ თანაფარდობით, რაც სტანდარტით არის განსაზღვრული. ეს მნიშვნელოვანწილად შეამცირებს აღმზრდელ-პედაგოგების დატვირთვას, რადგან მათ ჯგუფში ზღვრულ რაოდენობასთან მოუწევთ მუშაობა. მეორე მხრივ, ავტორიზაციის პროცესი უშვებს გამონაკლისს და შეიძლება, ბავშვების რაოდენობამ გადააჭარბოს კანონით განსაზღვრულ თანაფარდობას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, აღმზრდელ-პედაგოგის და საგანმანათლებლო პერსონალის ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული, რადგან ბავშვების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, დაწესებულებას ევალება, დაამატოს საგანმანათლებლო პერსონალი. ანუ გაიზრდება თუ არ გაიზრდება ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, ერთ საგანმანათლებლო პერსონალზე დატვირთვა, უცვლელი დარჩება. ეს არის 2-3 წლიანებთან 13 ბავშვზე 1 პერსონალი, ხოლო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში - 15 ბავშვზე 1 პერსონალი“, - ამბობს სპეციალისტი.
ამის გარდა, ხითარიშვილი აღნიშნავს, რომ მატერიალური რესურსის ნაწილში, სტანდარტებმა დაადგინა მთელი რიგი მოთხოვნები, რაც ერთგავრად განაპირობებს და აუმჯობესებს იმ სამუშაო გარემოს, სადაც იქნება საგანმანათლებლო პერსონალი. მათ შორის, სტანდარტები ითხოვს, რომ მათ ჰქონდეთ გამოყოფილი სივრცე, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, დაისვენონ თუ იმუშაონ.
„სივრცესთან ერთად, ასევე მოითხოვება, რომ დაწესებულებაში მინმუმ ერთი კომპიუტერი და პრინტერი არსებობდეს, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას როგორც სხვადასხვა აქტივობების მოძიებაზე, ასევე, შესაძლბლობა ექნებათ, რომ საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნითაც მოიძიონ გარკვეული მასალები, გაეცნონ, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და ა.შ.“, - ამბობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
იხილეთ ასევე:
კურიკულუმის დაგეგმვის 6 წესი - „ეს უნდა გაუზიაროთ თანამშრომლებს და მშობლებს“