საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს მართვის მექანიზმი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პირთა პასუხისმგებლობებს - რა უნდა იყოს ასახული დოკუმენტში
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ უნდა იზრუნოს თითოეული ბავშვისა და თანამშრომლის ფიზიკური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ მითითებებს იძლევა.
იმისათვის, რომ საბავშვო ბაღში დაიცვან აღმზრდელებისა და აღსაზრდელების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და მათ ჰქონდეთ დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, სტანდარტის მიხედვით, იქ უნდა დაიცვან შემდეგი წესები:
- დაწესებულებას უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი თითოეული ბავშვისა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის პროცედურები. მაგალითად, როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს, როდესაც ბავშვს სჭირდება მედიკამენტების მიღება და ა.შ. ასევე, ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები;
- უშუალოდ ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს უნდა ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პირთა პასუხისმგებლობებს საგანგებო სიტუაციებისას - ხანძარი, მიწისძვრა, წყალმოვარდნა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი და სხვა;
- დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენის ნორმების, - ხელის დაბანა, საპირფარეშოს მოხმარება, კბილების გახეხვა, - დაცვა;
- თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს დასვენებისა და ძილის საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა;
- ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ეზოში მოძრავი თამაშებისთვის მინიმუმ ერთი საათი სრული დღის შემთხვევაში, ხოლო ძლიერი უამინდობის შემთხვევაში, - ქარიშხალი, სეტყვა, ძლიერი ყინვა, - შენობაში თამაშის შესაძლებლობა;
- დაწესებულების როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება;
- დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს დაწესებულების ტერიტორიიდან ექსკურსიაზე, ლაშქრობაზე და ა.შ. ბავშვების გაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების დამატებითი წესები, მშობელთა ინფორმირების ფორმები და სხვა;
- ეზოში ყოფნისას თითოეული ბავშვი ჩაცმული უნდა იყოს ამინდის შესაბამისად. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სათადარიგო სამოსი, ფეხსაცმელი, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ნებისმიერ ამინდში გარეთ ყოფნა.
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აუნაზღაურდებათ არამხოლოდ ბავშვებთან საკონტაქტო, არამედ არასაკონტაქტო საათები“ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი
„თუ ბავშვები არ გიყვართ, ბაღში ნუ იმუშავებთ, რადგან მათ უფუჭებთ ფსიქიკას და დამოკიდებულებას უცვლით მასწავლებლების მიმართ“ - მშობლების პროტესტი