„ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო პერსონალს უნდა აუნაზღაურდეს არამხოლოდ ბავშვებთან საკონტაქტო საათები, არამედ - არასაკონტაქტოც“, - განაცხადა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინო ხითარიშვილმა ერთ-ერთ ვებინარზე, სადაც სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საუბრობდნენ.
ნინო ხითარიშვილის განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულების მდგრადობისთვის აუცილებელია კვალიფიციური პერსონალის არსებობა.
„პერსონალი, ვისაც ექნება დასრულებული სკოლამდელი განათლების საბაკალავრო კურსი, ცალსახად და უპირობოდ დააკმაყოფილებს სკოლამდელი დაწესებულებების სტანდარტის მოთხოვნას, რადგან მათ ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამის გარდა, იქმნება მთელი რიგი მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს უწყვეტი პროფესიული განვითარება აღმზრდელ-პედაგოგების და ამ მიმართულებას სტანდარტებიც უჭერს მხარს, რადგან დაწესებულებას ავალდებულებს, მხარი დაუჭიროს, შესაძლებლობა მისცეს ერთი მხრივ, თავისი პერსონალის განვითარებას და, მეორე მხრივ, გაითვალისწინოს და დაეხმაროს თვითონ ამ პერსონალიდან წამოსული ინიციატივების რეალიზაციას...
ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო პერსონალს უნდა აუნაზღაურდეს არამხოლოდ ბავშვებთან საკონტაქტო საათები, არამედ - არასაკონტაქტოც. შესაბამისად, მათ გამოუჩნდებათ დრო, რომ დასხდნენ, მშვიდად დაგეგმონ კურიკულუმით განსაზღვრული აქტივობები, მოაწესრიგონ პორტფოლიოები, დაგეგმონ მშობლებთან კომუნიკაციის სხვადასხვა აქტივობები და ამაში ისინი ჩვეულებრივად მიიღებენ ანაზღაურებას“, - ამბობს განათლების სამინისტროს სპეციალისტი სკოლამდელი აღზრდის დარგში.