დღის თემა
etaloni.ge
„თუ ბავშვები არ გიყვართ, ბაღში ნუ იმუშავებთ, რადგან მათ უფუჭებთ ფსიქიკას და დამოკიდებულებას უცვლით მასწავლებლების მიმართ“ - მშობლების პროტესტი
02.08.2023

ივლისის თვეში თბილისში 45 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი აცხადებდა, საზაფხულოდ 16 000-ზე მეტი აღსაზრდელი იღებდა აღნიშნულ მომსახურებას, თუმცა მშობლების ნაწილი აღნიშნავს, რომ, დარეგისტრირების მიუხედავად, ბავშვის საზაფხულო ბაღში ტარება ვერ შეძლო.

ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში წერს, თუ რატომ არ მოინდომეს მისმა შვილმა და სხვა ბავშვებმა საზაფხულო ბაღში სიარული.

„მინდა ჩემი არც თუ ისე კარგი გამოცდილების შესახებ გიამბოთ და იმედი მაქვს, ეს მაგალითი იქნება მათთვის, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს და ეცდება, გამოასწოროს არასწორი საქციელი.

წელს ძალიან დამჭირდა საზაფხულო ბაღის გამოყენება ჩემი 5 წლის შვილისა და მისი მეგობრებისთვის. სამწუხაროდ, ბაღი, სადაც ჩვენი ბავშვები დადიან, არ მოხვდა საზაფხულო ბაღების სიაში. ამიტომ, დიდი რჩევით და გაკითხვებით დავარეგისტრირეთ მე-5-ე საჯარო ბაღში, ჩიქობავას ქუჩაზე. აქეს და ადიდეს მასწავლებელი, ვის ჯგუფშიც მოხვდნენ ჩვენი ბავშვები. ადგილზეც მივედით, გავეცანით გარემოს და კოლექტივს. თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იყო და სიხარულით „წავედით“. თუმცა, შემდეგ ჩემი შვილი ტირილ-ტირილით მიდი-მოდიოდა ბაღში, ძალიან ცუდად ახასიათებდა მასწავლებელს, მხოლოდ ერთ მათგანზე იძახდა კარგიაო. ვცადე დეტალებში ჩაღრმავება, ყველანაირი გამოცდილება აქვს ამ „ნაქებ“ მასწავლებელს, შეინიღბოს უმაღლეს დონეზე! რა თქმა უნდა, მაინც შევძელი დეტალების გარკვევა და სურათი ასე გამოიყურება: ბავშვი ტირის, სთხოვს მასწავლებელს დაურეკოს დედას, მასწავლებელი კი ეუბნება - „არ მაინტერესებს, თუ წვნიანს არ შეჭამ, არ დავურეკავ და არ მოვა“ და ა.შ.

ამ დამოკიდებულებას ყველა ბავშვი ადასტურებს, ვინც დროებით საზაფხულო ბაღის ფარგლებში დადიოდა და 2 კვირაში არცერთს უნდოდა ბაღში წასვლა.

სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი პირადად მისვლა და ჩემი აზრის დაფიქსირება, რადგან სამშობიაროში მომიწია წასვლა, მაგრამ სექტემბერში აუცილებლად შევხვდებით, ქ-ნო ელისო მასწავლებელო და პირადად გეტყვით, რომ თუ ბავშვები არ გიყვართ, ბაღში ნუ იმუშავებთ, გთხოვთ, რადგან ბავშვებს უფუჭებთ ფსიქიკას, დამოკიდებულებას უცვლით საბავშვო ბაღზე და რაც მთავარია, წარმოდგენას უცვლით ზოგადად მასწავლებლებზე. ამ დროს ჩემს შვილს საოცარი, შეუდარებელი მასწავლებლები ჰყავს და გიჟდება თავის ბაღზე“.

საგულისხმოა სხვა მშობლების გამოცდილებაც:

„ბავშვი, რომელიც სიხარულით მიდიოდა ბაღში, ამ ინციდენტის მერე ტირილს იწყებდა - არ მინდა საზაფხულო ბაღშიო. დღემდე ჩაყოლილი აქვს. ორი დღის წინ კიდევ გაიხსენა. თუ ხასიათზე არ ხარ და ბავშვებს ჩაგრავ, რა გინდა საერთოდ ბაღში? შენს ხასიათზე ვერ ივლიან ბავშვები!“

„საზაფხულო ბაღში წელს მეც პირველად წავიყვანე და ერთი შვილისთვის ცუდი იყო, მეორესთვის - კარგი. საერთო ჯამში, მაინც ცუდი გამოცდილებაა, იმიტომ რომ 5 და 6 წლის ბავშვებს აძინებდნენ და აურიეს რეჟიმი, ღამის პირველ საათამდე ვეღარ ვაძინებდი, როცა 10 საათზე იძინებდნენ“.

„ყველა მძულს, ვინც მხოლოდ იმიტომ მუშაობს ბაღში, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და ვინც დაბალი ხელფასის გამო ბავშვებს აგდებულად ექცევა!“

ასევე იხილეთ:

საზაფხულო ბაღები, რომლებიც აგვისტოში იმუშავებენ - „ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 70 აღსაზრდელი“

ბაღის დირექტორი: „მშობელი რომ პრეტენზიას გამოთქვამს, ის პრობლემა მასთან ერთად უნდა მოაგვარო“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი