დღის თემა
etaloni.ge
ბაღის დირექტორი: „მშობელი რომ პრეტენზიას გამოთქვამს, ის პრობლემა მასთან ერთად უნდა მოაგვარო“
01.08.2023

მშობლები ხშირად ითხოვენ, ჰქონდეთ საშუალება, გაიგონ, როგორ ექცევიან და რა მდგომარეობაში იმყოფება დღის განმავლობაში მათი შვილი საბავშვო ბაღში. მშობლებისთვის ყველა სახის ინფორმაციის მიწოდება, ხშირად, სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

ამის გარდა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის 4 სტანდარტიდან, ერთ-ერთი, ოჯახისა და თემის ჩართულობაა, რაც საბავშვო ბაღს ავალდებულებს, უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც თბილისის 199-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, იაგო მაისურაძე, skolamdelebi.ge-სთან ამბობს, მშობლებისთვის ღია კარის დღეები აქვს დაწესებული, რა დროსაც მათ დაწესებულებაში შესვლა და ყველა პროცესზე დაკვირვება შეუძლიათ.

ბაღის დირექტორი მშობლებთან საკუთარი ურთიერთობისა და გამოცდილების შესახებ მოგვიყვა:

- მშობელი, ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სააღმზრდელო პროცესში. უნდა ხედავდეს, სად არის მისი შვილი, როგორ იბანს ხელს, როგორ მიირთმევს, როგორ თამაშობს... 18 ჯგუფი გვაქვს და შეუძლებელია, 750 მშობელი ყოველდღე მოდიოდეს, თუმცა, როცა ღია კარის დღეები გვაქვს, მამებსაც ვიწვევ.

ღია კარის დღეებზე მოდიან მშობლები, ვანაწილებ ჯგუფებში და ხედავენ, როგორ ბანენ მათ შვილებს ხელს, როგორ უცვლიან პამპერსს, კვების დროს როგორ უშლიან სუფრას, როგორ აჭმევენ... როცა პრეტენზია აქვთ რამეზე, მაგალითად, მათ შვილს პირველს დაბანონ ხელი, სულ ვეუბნები, 40 ბავშვი რომ გვყავს ჯგუფში და ხელები უნდა დავნაბოთ, თქვენ რომ იყოთ ჩვენს ნაცვლად, პირველს ვის დააბანინებთ ხელებს და ბოლოს ვის-მეთქი. ან ჩემი შვილი დადგება წინ, ან სხვისი... პირველს რომ დაბან ხელებს და მერე მეორმოცეს, პირველი რას შვრება ამ დროს? ის ხომ ან იატაკზე გაწვება, ან კედელს მოკიდებს ხელს, ან ნიჟარაში ჩაყოფს... რაც უფრო მეტად ჩართავ ამ პროცესში მშობელს, უფრო კეთილგანწყობილი ხდება ჩვენ მიმართ.

მშობლის კომიტეტი გვაქვს - თითო ჯგუფიდან ოფიციალურად მყავს სამ-სამი მშობელი, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობენ ამ ბაღში. თვეში ერთხელ ოფიციალური შეხვედრები მაქვს მათთან და გავდივართ გარკვეულ დეტალებს. მაგალითად, ზამთრის პერიოდში რეკომენდაციებს ვაძლევთ ვირუსებთან დაკავშირებით, შემოდგომის ფესტივალს თუ საახალწლო ღონისძიებას მშობლებთან ერთად ვაკეთებთ და საერთოდ, ერთად ვსაზღვრავთ, როგორი გარემო უნდათ ბავშვებს. არ მინდა, ვიღაც მკეთებელი იყოს და ვიღაც - მაყურებელი.

პანდემიამ ხელი შეგვიშალა მშობლებთან კომუნიკაციაში. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ მშობელი კართან მოგიყვანდა ბავშვს და შენობაში ვერ შემოდიოდა. ამის გამო მათთან ურთიერთობა შეგვისუსტდა და მომაკვდავ სისტემას დავემგვანეთ. მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია. ბევრი დადებითი მოდის მათგან, ბევრი რეკომენდაცია... ათასში ერთი გამოთქვამს პრეტენზიას და იმ პრეტენზიას მივყვებით.

გარკვეულ საკითხებს ჩემს თავზე კი არ ვიღებ, მშობლებს ვეკითხები, მოდით, მითხარით, ამ პრეტენზიას თქვენ როგორ გამოასწორებთ, ერთად შევცვალოთ-მეთქი. ამხელა სისტემაა და შეგუებული ვარ, რომ ყველა დადებითად განწყობილი ვერ იქნება. ხშირ შემთხვევაში, ეს პრეტენზია გამოუცდელობის ბრალია. როგორც კი ამ პრეტენზიაში თავად მშობელს ჩავრთავ, მოდის და მეუბნება, სხვაგვარად გვეგონაო. მაგალითად, ერთს პრეტენზია ჰქონდა, სათამაშოები არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს ჯგუფებშიო. შემოვიყვანე, ვანახე, რომ ჩვენ ვართ ბაღი, რომელსაც არ აქვს საშუალება, რაღაც ზედმეტად იყიდოს. აქ არის კვარტლური დაფინანსება, ტენდერები და მთელი რიგი პრობლემები. შიდა სამზარეულო ავუხსენი და დავანახე, რის შემდეგაც კარგად გააცნობიერა, რომ ეს საჯარო ბაღია და სახელმწიფოს თავისი მიდგომა აქვს. 1 000 სათამაშოც რომ შეიტანო ჯგუფში, იმავე საღამოს, უმრავლესობას დამტვრეულსა და დალეწილს გამოიტან... ბავშვს თუ აძლევ სათამაშოს, მაგრამ არ ათამაშებ, ვერ მიხვდება, რა ხდება და ასე არ შეიძლება.

ყოველდღე სათამაშოს ვინ მიყიდის ან სახლში ყიდულობენ ყოველდღე? 10 სათამაშო ავიღეთ, მშობელთან ერთად შევიტანე ჯგუფში, თვითონ დაურიგა. ვუთხარი, ამ სათამაშოს აქვს გარანტია, რომ ბავშვმა უნდა ითამაშოს 3 თვე. საღამოს რომ მოვიდა და დაინახა, სათამაშოებს დეტალები ჰქონდა მოტეხილი, გადაირია, მითხრა, გარედან სხვაგვარად მეგონაო. ამიტომ არის აუცილებელი მშობელთან ურთიერთობა და მისი ჩართულობა სკოლამდელი დაწესებულების ცხოვრებაში.

ასევე იხილეთ:

„მიუღებელია, აღმზრდელი ზოგ მშობელს დეტალურად ესაუბროს, ხოლო ზოგს მიაწოდოს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია“ - სტანდარტი

ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ - „ერთ-ერთი მშობელი განაწყენდა და სხვებიც აიყოლია“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი