18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ქართულმა მხარემ ხელშეკრულებები გააფორმა.
„სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია.
„გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ აუცილებელია საქართველოში იყოს მძლავრი სახელმწიფო კლინიკა და, მათ შორის, მძლავრი სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი. პროექტი უკვე დამუშავების ეტაპზეა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს მოვიაზრებთ ერთ-ერთ ცალკე ბლოკად, სადაც განვათავსებთ ბავშვთა ონკოლოგიას. ამასთან ერთად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ, მოგეხსენებათ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, რომ გვექნება პროტონოთერაპიის ცენტრი ქუთაისში“, - განაცხადა მინისტრმა.
თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის ANADOLU-ს საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერი, ლუკა ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ ამ საავადმყოფოს პაციენტების 30%-ს საქართველოდან ჩასული ონკოლოგიური პაციენტები არიან და არამხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც.
„საქართველოდან მომართვიანობა, თურქეთში, ონკოლოგიის თვალსაზრისით და ზოგადად, არის ძალიან მაღალი... ამიტომ დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ფიქრი იმაზე, რომ მაღალი ხარისხის მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი. გვქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები და შევისწავლეთ, თუ რა პრობლემები იყო საქართველოში ონკოლოგიის მიმართულებით და გაკეთდა ეს პროექტი, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აძლევს საშუალებას, მინიმალურ ფასად იმკურნალოს.
ჩვენი კლინიკის ძირითადი პროფილი ონკოლოგიაა. მომართვიანობაზე, საქართველოდან, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან თურქეთში ძალიან ბევრი სხვა კლინიკაა და, შესაბამისად, სხვადასხვა ადგილას ჩადიან ქართველები, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის პაციენტების დაახლოებით 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არამხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც. ჩვენი კლინიკა დაახლოებით 60 ქვეყნიდან იღებს პაციენტებს და 30% ნამდვილად არ არის მცირე სტატისტიკა“, - განაცხადა ლუკა ბოლქვაძემ.
იხილეთ ასევე:
„მანქანაში დატოვებული ბავშვისთვის ფატალური შედეგი შეიძლება რამდენიმე წუთში დადგეს“ - გზამკვლევი