ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მისწვდეს საჭირო ნივთს - დოკუმენტში გაწერილი უსაფრთხო გარემოს სტანდარტები საბავშვო ბაღებისთვის
„როგორც ავეჯი, ისე სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს უსაფრთხო მასალისგან, არ უნდა იყოს შეღებილი მავნე საღებავებით, დამუშავებული სახიფათო ნივთიერებებით“, - წერია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, სადაც დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სააღმზრდელო დაწესებულება და რა ევალება პერსონალს უსაფრთხოების თვალსაზრისით. შიდა და გარე პერიმეტრის მოწყობის პრინციპებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დოკუმენტი - „ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ“ - განსაზღვრავს.
უსაფრთხო გარემო არის ის ადგილი, სადაც დაცულია ინდივიდების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური უსაფრთხოება, სადაც ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, არ შფოთავენ, არ იძაბებიან და ასევე მინიმალურია მათი ფიზიკური დაზიანების რისკი. ასეთ გარემოში შესაძლებელია ბავშვის ყველა უნარის განვითარება.
მას შემდეგ, რაც უსაფრთხო გარემოს მოვაწყობთ, აუცილებელია ამ ყველაფრის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბაღში არსებობდეს პროცედურები ეზოსა და საერთო სივრცეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ამ მიზნით შესაძლოა შეირჩეს პასუხისმგებელი პირი - ბაღის თანამშრომელი, რომელიც, გარკვეული სიხშირით, საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის საშუალებით აწარმოებს ბაღის ტერიტორიის დათვალიერებას. მაგალითად, მოინიშნავს, არის თუ არა მწყობრში ეზოს ატრაქციონები, ღობე, ავეჯი და ა.შ. უსაფრთხო გარემოს მოწყობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებებს:
- ჯგუფის ავეჯი უნდა იყოს ბავშვის ზომის შესაბამისი;
- როგორც ავეჯი, ისე სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს უსაფრთხო მასალისგან, არ უნდა იყოს შეღებილი მავნე საღებავებით, დამუშავებული სახიფათო ნივთიერებებით;
- როგორც ავეჯის ასევე სათამაშოების მდგომარეობა არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი, მაგალითად, ავეჯი მომტვრეული ნაპირებით და ა.შ.
- საგანმანათლებლო რესურსი უნდა იყოს ბავშვების ასაკთან შესაბამისი;
- ჯგუფში უნდა იყოს დაცული ბავშვისა და მისთვის განკუთვნილი სივრცის თანაფარდობა - ბავშვთა რაოდენობისა და სივრცის თანაფარდობის დარღვევისას მატულობს ინფექციური დაავადებების რისკი;
- ჯგუფში უნდა იყოს დაცული ბავშვებისა და უფროსების თანაფარდობა;
- უნდა იყოს დაცული ჯგუფში მომუშავე უფროსების შრომითი უფლებები, მათ უნდა ქონდეთ კვებისა და დასვენების საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება;
- ჯგუფში მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალი უნდა ახორციელებდეს პოზიტიურ დისციპლინას.
საბავშო ბაღში სხვადასხვა ინვენტარი დალაგებული უნდა იყოს გარკვეული ლოგიკის მიხედვით:
- სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფუნჯები და საღებავები - ერთად, ლოტო, მოზაიკა, ფაზლი, დომინო და სხვა სამაგიდო თამაშები - ერთად, ლუპა, პიპეტები, სინჯარები - ერთად და ა.შ. და ბავშვებმა იციან, სად იპოვონ საჭირო ნივთები;
- ჯგუფში არსებული საგანმანათლებლო მასალები ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს განლაგებული, რომ ბავშვი თავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც მისწვდეს საჭირო ნივთს;
- სივრცეში გამოყენებული უნდა იყოს ვიზუალური მანიშნებლები, რაც ბავშვებს გარემოს უკეთ აღქმაში ეხმარება, მაგალითად, საპირფარეშოს შესაძლოა ჰქონდეს შესაბამისი აბრა, თაროებზე განლაგებულ კონტეინერებს, რომლებშიც საგანმანათლებლო რესურსია მოთავსებული, დაეკრას იარლიყები ნახატით და წარწერით, ან კიდევ, დერეფნის კედლებზე მიმაგრებული ისრები გვკარნახობდნენ სპორტული დარბაზის, სამზარეულოს, და ა.შ. მიმართულებას. ვიზუალური განრიგი, რომელიც შეგვახსენებს საქმიანობების თანმიმდევრობას;
- არსებობს რუტინული საქმიანობები, რომლებიც უცვლელია და ბავშვს სტაბილურობის განცდას უქმნის, მაგალითად, დილით ბაღში მოსვლა, კვება, დასვენება და ა.შ.
იხილეთ ასევე:
„მშობლებს არ უნდათ, ბავშვები ეზოში გავიდნენ“ - მიზეზები, რის გამოც ბაღის ეზო საგანმანათლებლო გარემოდ არ აღიქმება