საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე, - „პერსონა 2023“, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო მუსიკის მასწავლებლის ტიტული თელავის მე-3 საბავშვო ბაღის წარმომადგენელს, ვერიკო სახიაშვილს ხვდა წილად.
როგორც „პერსონას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ვერიკო სახიაშვილი დაიბადა ქალაქ თელავში და მას ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა - თელავში იმ პერიოდში ფუნქციონირებდა წარმატებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ციცინათელა“ შალვა სიხარულიძის ხელმძღვანელობით, სადაც ის სოლისტი იყო. 1992 წელს ჩააბარა ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში, ვოკალურ განყოფილებაზე და დაიწყო სიმღერა ქალაქ თელავის ქალთა კაპელაში. 1993 წელს ჩააბარა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტზე და აქტიურად იყო ჩართული „სტუდენტურ დღეებში“, რა პერიოდშიც მოიპოვა ძალიან ბევრი ჯილდო, ლაურიატის წოდება, გრამპრი, ოქროს მედალი...
ვერიკო სახიაშვილმა 1997 წლიდან დაიწყო მუშაობა და დღემდე მუშაობს ქალაქ თელავის მესამე ბაგა-ბაღში მუსიკის მასწავლებლად.
„უზომოდ მიყვარს ბავშვები და ყველა ჩემი საქმიანობა მათ გაბედნიერებას ემსახურება“, - ამბობს პედაგოგი.
ვერიკო სახიაშვილი 1992 წლიდან კერძოდ ასწავლის სხვადასხვა საკრავზე დაკვრასა და სიმღერას. ასევე, მუსიკალურ სტუდიაში, წინასასკოლო მოსამზადებელ პროგრამას, პრესკოლას ხელმძღვანელობს. ამ სტუდიის ბევრი მოსწავლე კი დიდ წარმატებას აღწევს.
2008 წლიდან 2014 წლამდე, ვერიკო სახიაშვილი, მუშაობდა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მუსიკის მასწავლებლად. 2019 წელს კი საპატრიარქოს ჩოხოსანთა თელავის სადროშოს ნორჩი ჩოხოსნების ხელმძღვანელობა შესთავაზეს და სხვა ჩოხოსნებთან ერთად ბევრ გაჭირვებულ ოჯახს შეუმსუბუქა ყოველდღიურობა, რის გამოც, საპატრიარქოსგან მადლობის სიგელი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვს უამრავი მადლობის სიგელი, დიპლომი, სერთიფიკატი, გრამპრი, თუ ლაურიატის წოდება, როგორც ვერიკო სახიაშვილი ამბობს, პირველი ადგილი, ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის ხალხის პატივისცემა, მოსწავლეების უანგარო სიყვარული და მათი მშობლების გულწრფელი მადლიერება გახლავთ.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელებს შორის გამართული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა