საბავშვო ბაღის 75 აღმზრდელის ტრენინგისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 14 850 ლარს გადაიხდის, - ხელშეკრულება უკვე დადებულია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღმზრდელების გადამზადება 1-ელ ოქტომბრადე, ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებით დამტკიცებულის, - „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“, შესაბამისად უნდა მოხდეს.
აღმზრდელებს ტრენინგი სამ ჯგუფად ჩაუტარდებათ და თითოეულ ჯგუფში 25 წევრი იქნება, სალექციო კურსი კი არანაკლებ 11 სასწავლო დღისგან უნდა შედგებოდეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს, წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატები უნდა გადაეცეთ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვალდებულია, არ გასცეს სერთიფიკატი, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ დაესწრება ტრენინგ-მოდულის საკონტაქტო საათების 80%-ს (53 საათი) და საბოლოო ტესტირებაზე ვერ დააგროვებს შეფასების 50%-ზე მეტს.
ტრენინგები, რომელზეც ერთი აღმზრდელისთვის 198 ლარია გამოყოფილი, არანაკლებ ორმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რომლებსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ, მინიჭებული უნდა ქონდეს ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლება.
ტრენერების ტრანსპორტირება, კვებას და საჭიროების შემთხვევაში ტრენერების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაც ამავე უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს.
იხილეთ ასევე:
მასწავლებელთა სახლმა აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
ბაღის პერსონალმა საკუთარი თავი თავად უნდა შეაფასოს და განსაზღვროს პროფესიული განვითარების საჭიროებები - სტანდარტის მოთხოვნები