დღის თემა
etaloni.ge
როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაში - რეკომენდაციები
27.07.2023

დაახლოებით ორი წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ მრავალი ახალი ემოციის განვითარებას და გამოვლენას, როგორიცაა მაგალითად, იმედგაცრუება, ბრაზი, სიმორცხვე, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და მღელვარება და ეს ემოციები ხანდახან შესაძლოა იმდენად ძლიერი და ჭარბი იყოს, რომ ბავშვებს აუცილებლად ჩვენი ჩართულობა და დახმარება დასჭირდეთ, - აღნიშნავს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, მარიამ შოვნაძე და ამ ემოციბის მიზეზებს ასახელებს:

► ბავშვები განვითარების პროცესს გადიან, მათ შორის სწავლობენ საკუთარი ემოციების ამოცნობას, სახელდებას და მართვას.

► ადრეულ ასაკში ბავშვებს არ შეუძლიათ სახელი დაარქვან მოჭარბებულ ემოციებს და ამის შესახებ ისაუბრონ.

►ადრეულ ასაკში უჭირთ დამშვიდება თუ მათ აკლიათ ძილი, აწუხებთ ტკივილი ან შიმშილი.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამშვიდებაში? ფსიქოლოგი შემდეგი სახის რეკომენდაციებს იძლევა:

დავაკვირდეთ და ამოვიცნოთ ბავშვის ემოცია

ხშირად, ბავშვები, მათგან დამოუკიდებლად, ქცევით გვანიშნებენ, რომ დახმარება სჭირდებათ დამშვიდებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რას გვეუბნება ბავშვის ქცევა მის ემოციებზე, სანამ რამეს ვეტყვით ან გავაკეთებთ. ამ პროცესში დაგვეხმარება აქტიური მოსმენა და სხეულზე დაკვირვება. მაგალითად, როდესაც ბავშვს ვეუბნებით, გათიშოს ტელევიზორი და შხაპისთვის მოემზადოს, ის წითლდება და მუშტებს კრავს. ეს ქცევა ჩვენ გვატყობინებს, რომ ბავშვი გრძნობს ბრაზს.

ბავშვის ემოციების სახელდება და დაკავშირება

მეორე ნაბიჯს უკვე აუცილებელია დავარქვათ სახელი და დავაკავშიროთ მოვლენასთან, წინაპირობასთან. ამ გზით ბავშვს ვასწავლით დაკვირვებას და ამოცნობას თუ რას გრძნობს ან რატომ, სხეული როგორ რეაგირებს და როგორ შეიძლება გამოვხატოთ სიტყვებით ჩვენი ემოციები. ამ ფორმით ბავშვს ვაჩვენებთ როგორ გავიგოთ და მივიღოთ ჩვენი ემოციები, ასევე ვაწვდით ინფორმაციას, რომ ყოველთვის ნებისმიერი ემოცია ბუნებრივია, იმ შემთხვევაშიც თუ გამოვლენილი ქცევა არასასურველია.

მაგალითად, როდესაც ტელევიზორის გამორთვის შეხსენებისას ბავშვი სახეზე წითლდება და მუშტებს კრავს, ჩვენ უნდა ვუთხრათ _ „მე ვფიქრობ, შენ გაბრაზდი ტელევიზორის გამორთვის გამო“.

შემდეგ უკვე შეგვიძლია რამდენიმე წამიანი პაუზა ავიღოთ, რათა თქვენი ნათქვამის მიღება და დაკავშირება შეძლოს.

მეტი დრო

თუ ბავშვი ჭარბ და ძლიერ ემოციებს გრძნობს, მას შეიძლება უფრო  მეტი დრო დასჭირდეს ემოციების მართვისა და დამშვიდებისთვის.  მაგალითად, ის შეიძლება ხანგრძლივად ყვიროდეს ან სათამაშოებს ისროდეს.

ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

► დავრწმუნდეთ, რომ ბავშვიც და ჩვენც უსაფრთხოდ ვიმყოფებით.

► მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ ბავშვთან ფიზიკურად ახლოს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენს გვესმის მისი  და შეგვიძლია  გავუმკლავდეთ მის ემოციებს.

► უმჯობესია, კვლავ გავახმოვანოთ თუ რას გრძნობს მაგალითად, „მე ვფიქრობ, რომ შენ გაბრაზებული ხარ.”

► მნიშვნელოვანია მოთმინებით დაველოდოთ სანამ ძლიერი ემოცია გაივლის და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ სუნთქვითი სავარჯიშო, სიტყვებით გამოხატვა. 

სტრატეგიები

► მას შემდეგ, როგორც კი დამშვიდდება ბავშვი, უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ ძლიერი ემოციების დროს გამკლავების სხვა გზები – მაგალითად, „თუ იგრძნობ გაბრაზებას  შეგიძლია დაითვალო“;

► გამოვხატოთ თანაგრძნობა – მაგალითად, „ვწუხვარ, რომ ასე ძალიან გეწყინა, მოდი ჩავეხუტოთ“;

► შევთავაზოთ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა - მაგალითად, „შეგვიძლია ვითხოვოთ სათამაშოს დაბრუნება“

► ასევე მნიშვნელოვანია საზღვრები – მაგალითად, „ვიცი, რომ გაბრაზებული იყავი, მაგრამ დარტყმა არასდროს არის კარგი“.

იხილეთ ასევე:

„მანქანაში დატოვებული ბავშვისთვის ფატალური შედეგი შეიძლება რამდენიმე წუთში დადგეს“ - გზამკვლევი

რა ხდება ბავშვის ორგანიზმში, თუ ნაყინს რეგულარულად იღებს - ექიმის რჩევა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი