დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების ახალი სტანდარტი გამოქვეყნდა - საგანმანათლებლო პერსონალისთვის განვითარების სფეროებს გამოეყო თემატური მიმართულებები
26.07.2023
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი ახალ ბრძანებას მოაწერა, რომელიც ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებს ეხება და ის სავალდებულოა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის. ახალი დოკუმენტი დღეს, 26 ივლისს გამოქვეყნდა.

ახალი დადგენილების მიხედვით, ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებია:

  1. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტში წარმოდგენილია ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელსაც უნდა ფლობდეს ბავშვი დაბადებიდან 6 წლის ასაკის ჩათვლით. მოცემული დოკუმენტი ხელს უწყობს ბავშვის ჰოლისტურ და მრავალმხრივ განვითარებას, მაღალხარისხიანი სერვისების ჩამოყალიბებას, აწვდის ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში ჩართულ მხარეებს ინფორმაციას ბავშვის განვითარების ასაკობრივი ნიშანსვეტების შესახებ და წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს კურიკულუმის, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტების შესამუშავებლად.
  2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულებისთვის.
  3. სტანდარტების შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა საჯარო დაწესებულებებში ახორციელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს პერსონალის სათანადო მხარდაჭერას.
  4. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის დოკუმენტის გამოყენება სავალდებულოა დაწესებულების საგანმანათლებლო პერსონალისთვის, რომელთა მოვალეობაშიც შედის ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება და შეფასება.
  5. ბავშვის აღზრდისა და განვითარების სტანდარტი წარმოდგენილია განვითარების სფეროებად და თემატურ მიმართულებებად ოთხ ასაკობრივ ჯგუფში: 0-დან 18 თვემდე, 12-დან 36 თვემდე, 30 თვიდან 60 თვემდე და 54 თვიდან 72 თვემდე ასაკის ბავშვები.
  6. ბავშვის განვითარება პირობითად ხუთ სფეროდ არის მოცემული. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ერთმანეთზე მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული. განვითარების სფეროების ცალმხრივი განვითარება არ არსებობს, ერთი სფეროს განვითარება იწვევს დანარჩენების წინსვლას და პირიქით.
  7. საგანმანათლებლო პერსონალის მიერ ბავშვის განვითარების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის მიზნით, განვითარების სფეროებს გამოეყო თემატური მიმართულებები, რომლებიც აერთიანებს ცალკეულ დარგებთან დაკავშირებულ სტანდარტებს. თემატური მიმართულებების სტანდარტები მოიაზრებს ბავშვის მიერ უფრო კომპლექსური ინფორმაციისა თუ ცოდნის დაუფლებით, ერთი მხრივ, განვითარების სფეროებში მოცემული უნარების დახვეწას და დახელოვნებას და, მეორე მხრივ, დარგობრივი ცოდნისა და ინფორმაციის შეძენას. თემატური მიმართულებები სამ ძირითად ჯგუფში გაერთიანდა: ა) ხელოვნება, ბ) წიგნიერება, გ) მეცნიერება.
  8. თემატურ მიმართულებებში მოცემული სტანდარტები განვითარების სფეროების ნაწილია და უმეტესად განვითარების რამდენიმე სფეროს აერთიანებს.
  9. სტანდარტი წარმოადგენს ბავშვისთვის მისაღწევ შედეგს, რომელიც ყველა ასაკში ერთი და იგივეა.
  10. სტანდარტში ბავშვის განვითარება პირობითად დაყოფილია განვითარების სფეროებად და თემატურ მიმართულებებად, რომლებიც ერთმანეთზე მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული. მათი ცალმხრივი განვითარება შეუძლებელია. მიმართულებების სტანდარტები განვითარების სფეროების გამჭოლია და ხშირად რამდენიმე განვითარების სფეროს მოიცავს, თითოეული მათგანის კატეგორიებში მოცემული ინდიკატორები აერთიანებს სხვადასხვა უნარებს.
  11. როგორც განვითარების სფეროებში, ასევე თემატურ მიმართულებებში თითოეული სტანდარტი გაშლილია შესაბამის კატეგორიებად და ინდიკატორებად.
  12. კატეგორია არის სტანდარტის უფრო ვიწრო ერთეული, რომელიც გულისხმობს ერთ კონკრეტულ უნარს ან კომპეტენციას.
  13. ინდიკატორი წარმოადგენს კონკრეტულ ქმედებას/ქცევას, რომელსაც ბავშვი ავლენს კონკრეტული უნარის დაუფლების/ქონის დროს. ინდიკატორები მოცემულია უწყვეტი თანმიმდევრობით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ბრძანება იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე - დადგენილება.

იხილეთ ასევე:

11 დოკუმენტი, რომელიც საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს - კურიკულუმის მტკიცებულება

თამარ ივერი ბავშვობაში გამვლელებს აივნიდან კარტოფილებს ესროდა და მერე იმალებოდა - საოპერო მომღერლის სახალისო ამბები
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი