დღის თემა
etaloni.ge
„მანქანაში დატოვებული ბავშვისთვის ფატალური შედეგი შეიძლება რამდენიმე წუთში დადგეს“ - გზამკვლევი
26.07.2023

ზაფხულის დადგომასთან ერთად სითბური დარტყმის საფრთხე მნიშვნელოვნად მატულობს. სითბური დარტყმა სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატების, ანუ ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა და მას იწვევს მაღალი სიცხის დროს გარეთ, ან მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ დროის გატარება, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის სერბეთის ოფისის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „მშობლების გზამკვლევი ძალიან ცხელი ზაფხულისთვის“.

სითბური დარტყმა ასევე შეიძლება დაგვემართოს ტენიან და გადახურებულ დახურულ სივრცეში - ანუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტომობილში ან ოთახში.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა შეიძლება თავი ნორმალურად იგრძნოს გარკვეულ ტემპერატურაზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვიც იმავეს გრძნობს. პატარა ასაკში ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული თერმორეგულაცია.

როგორ დავიცვათ ბავშვები?

ზაფხულში ახალშობილები, ჩვილები და 3 წლამდე ბავშვები გარეთ გავიყვანოთ მხოლოდ ადრე დილით და ნაშუადღევს. არ არის მიზანშეწონილი მცირეწლოვანი ბავშვების გარეთ გაყვანა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე.

ბავშვს ჩავაცვათ ნატურალური მასალისგან (ბამბა, ტილო) დამზადებული, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. თავზე კი კეპი ან ქუდი დავახუროთ.

ყოველთვის თან იქონიეთ ბოთლით წყალი, რომელიც ხშირად შესთავაზებთ ბავშვს, სულ მცირე, ერთი-ორი ყლუპი მაინც რომ დალიოს.

არასოდეს დატოვოთ ბავშვები მანქანაში ან სხვა ტიპის ტრანსპორტში სიცხეში - თუნდაც რამდენიმე წუთით!

სითბური დარტყმის ნიშნები ბავშვებში

სითბური დარტყმა შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომების ერთობლიობით, რაც ვირუსულ ინფექციას მოგაგონებთ. სითბური დარტყმის სიმპტომების გამოვლენამდე ბავშვებში ხშირად გვხვდება სითბური გათანგულობის მსუბუქი ნიშნები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა და ზუზუნივით ხმა ყურში.

სითბური დარტყმის მთავარი სიმპტომია სხეულის ტემპერატურის მატება სხეულის სწრაფი და ზედმეტი გახურების გამო, სულ რაღაც ნახევარ საათში ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს. მძიმე სითბური დარტყმა ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს.  

სიმპტომები ორ წლამდე ასაკის ბავშვებში:

► ძლიერი შფოთვა და ხმამაღალი ტირილი, რასაც მოჰყვება დაღლილობა და ძილიანობა;

► გადაჭარბებული სიცხის მიუხედავად ოფლიანობის ნაკლებობა;

► სითხის მიღებაზე უარი;

► კუჭისა და კუნთების კრუნჩხვები;

► ღებინება;

► ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა;

► გულისცემის მომატება;

► სხეულის ძალიან მაღალი ტემპერატურა;

► გონების დაკარგვა;

► ახალშობილის/ჩვილის თავის რბილი ნაწილის დაპატარავება;

 ► ხელებისა და ფეხების გადახურება და სახის სიწითლე;

► ჩრდილში გადაყვანის შემდეგ პატარას მკლავები და ფეხები უეცრად ცივდება და კანკალი ეწყება;

სიმპტომები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში:

► მშრალი და ცხელი კანი;

► ოფლიანობის ნაკლებობა;

► ძლიერი თავის ტკივილი;

► არათანმიმდევრული მეტყველება;

► ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა;

► გულისცემის მომატება;

► თავბრუსხვევა;

► გონების დაკარგვა;

► დიარეა;

► სხეულის კრუნჩხვები;

► სხეულის მაღალი ტემპერატურა (40°C და მეტი);

► ზუზუნი ყურებში;

► დაბნეულობა; 

► გამონაყარი კანზე.

რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვმა სითბური დარტყმა მიიღო?

► თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვმა სითბური დარტყმა მიიღო, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

► სამედიცინო დახმარების მოსვლამდე, მაშინვე გადაიყვანეთ ბავშვი ჩრდილში, და/ან გაიყვანეთ გადახურებული ოთახიდან, მანქანიდან ან სხვა ადგილიდან. თუ შესაძლებელია, მოათავსეთ ბავშვი ზომიერად კონდიცირებულ, ან ჩაბნელებულ, კარგად განიავებულ ოთახში;

► შეუქმენით ბავშვს კომფორტი - მოაშორეთ ყველა არასაჭირო ტანსაცმელი;

► სასწრაფოდ შესთავაზეთ სითხე - წყალი საუკეთესო ვარიანტია;

► დაბანეთ ბავშვს სახე და სხეული ნელთბილი წყლით. თუ წყალი მიუწვდომელია, მიუშვით მის სხეულზე ჰაერის ნაკადი (მაგალითად, დაუნიავეთ);

► ბავშვს თავზე დადეთ ქსოვილში გადახვეული ყინულები ან სხვა ტიპის ცივი კომპრესი;

► სითბური დარტყმიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი ბავშვი მგრძნობიარე იქნება მაღალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია გრილ სივრცეებში დარჩენა და ფიზიკური აქტივობის შემცირება.

არასოდეს დატოვოთ ბავშვები გადახურებულ მანქანაში - თუნდაც რამდენიმე წუთით!

► ზაფხულში ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა მანქანაში ხანმოკლე დარჩენაც კი. ბავშვის სხეულის ტემპერატურა მოზრდილებზე 3-5-ჯერ სწრაფად იმატებს.  მანქანაში კი ჰაერის ტემპერატურა შეიძლება სულ რაღაც 10 წუთში 20 გრადუსით გაიზარდოს. ამიტომ, ზაფხულის ცხელ დღეს მანქანაში დატოვებული ბავშვისთვის ფატალური შედეგი რამდენიმე წუთში შეიძლება დადგეს. არასოდეს დატოვოთ ბავშვი მანქანაში მეთვალყურეობის გარეშე - მაშინაც კი, როცა ფანჯრები ნაწილობრივ ღიაა, ან მანქანაში კონდიციონერია ჩართული;

► შეინახეთ მანქანის გასაღები ბავშვის მიუწვდომელ ადგილას და ასწავლეთ ბავშვს, რომ მანქანა არ არის სათამაშო;

► მანქანის კარები და საბარგული ყოველთვის ჩაკეტეთ, რათა ბავშვები მანქანაში თქვენს გარეშე არ შეძვრნენ;

► თუ ცხელ ამინდში მანქანაში დატოვებულ ბავშვს დაინახავთ, დაუყოვნებლივ გამოიყვანეთ, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გააგრილეთ ბავშვი.

იხილეთ ასევე:

„ადრეული ასაკის ბავშვებს ეს ინფორმაცია შეიძლება სიმღერის ან ცეკვის საშუალებით დავასწავლოთ“ – ფსიქოლოგის 7 რჩევა

იმის მტკიცებაში, რომ ბავშვის შიში უსაფუძვლო და არარეალურია, არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი - რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი