დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელის სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა - სამსახურში აღადგენენ, მაგრამ განაცდურ საათებს არ აუნაზღაურებენ
26.07.2023

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე ქალაქის, ვალეს, N1 საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, ლატავრა ჯანაშვილის სამოქალაქო საჩივრის განხილვა მორიგებით დაასრულა.

ადგილობრივი მედიის, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ლატავრა ჯანაშვილი ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. ბაღის აღმზრდელის თანაშემწედ ჯანაშვილი თვეში 308-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობდა.

საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს, მოსამართლემ მორიგება შესთავაზა, რაზეც ორივემ თანხმობა განაცხადა. მსჯელობის შემდეგ შედგენილი მორიგების აქტის თანახმად, ლატავრა ჯანაშვილი მიმდინარე წლის 1–ელი აგვისტოდან აღდგება სამსახურში. რაც შეეხება ჯანაშვილის დანარჩენ ორ სასარჩელო მოთხოვნას, მორიგების აქტის პირობით, პრეტენზიას არ გამოთქვამს.

ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა მერაბიშვილი ამბობს, რომ მორგების შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

„ქალბატონი ლატავრა, სასწავლო პროცესი როცა დაიწყო, იმყოფებოდა საზღვარგარეთ ოთხი თვის განმავლობაში. მას არ ჰქონდა განცხადება დატოვებული და ამ მიზეზით იყო განთავისუფლებული. ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში შევთავაზე დაბრუნება სამსახურში, თავის ადგილზე, მაგრამ უარი თქვა. საქმე ისევ მორიგებით დასრულდა“,–აცხადებს მერაბიშვილი.

ვალეს საბავშვო ბაღიდან ლატავრა ჯანაშვილი 2021 წლის 15 სექტემბერს გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს მარინა მერაბიშვილი აწერდა.

ლატავრა ჯანაშვილი მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვინც ბაღების გაერთიანებას სასამართლოში დავა მოუგო. გათავისუფლების შემდეგ, საჩივრით სასამართლოს მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების იურისტმა, მარინა აბულაძემ და  ახალციხის N1 ბაღის აღმზრდელმა, მარინა ლალუაშვილმა.

მარინა აბულაძის შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლომ ბაღების გაერთიანებას მისი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური საათები ანაზღაურება დაავალა. რაც შეეხება მარინა ლალუაშვილს, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაერთიანებას უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელების საქმეზე შესაძლოა, სასამართლო პროცესები გაგრძელდეს

სკოლამდელ დაწესებულებაში პერსონალის დანიშვნა ობიექტური და გამჭვირვალე უნდა იყოს - კითხვარი ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი