„მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდამეცვალა და მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას... სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი“, - ამბობს ახალციხელი საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე მეგი თათეშვილი ადგილობრივ მედიასთან, „მეცხრე არხი ახალციხე“-სთან.
ახალციხის მესამე საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება 45 წლის ასაკში გადაწყვიტა. შვიდი შვილის დედას და ორი შვილიშვილის ბებიას სურს პროფესია ჰქონდეს და ამ მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და იმედი აქვს, რომ დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტი გახდება.
„გადაწყვეტილება დარეგისტრირების ბოლო დღეს მივიღე. საბავშვო ბაღში ვარ აღმზრდელის თანაშემწე და მინდა, რომ აღმზრდელი გავხდე. მინდა, ვიყო წარმატებული ქალი და დედა. მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის, მათ შორის, საკუთარი თავისთვის იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს“, - ყვება მეგი tv9news.ge-სთან.
მეგი თათეშვილის შვიდი შვილიდან უფროსი 26 წლისაა, უმცროსი კი - 11 წლის. დედასთან ერთად ეროვნული გამოცდები მისმა მეხუთე შვილმა ჩააბარა, უფროსი გოგო კი მაგისტრატურის გამოცდაზე გადის.
მრავალშვილიან დედას სწავლის შეწყვეტა 25 წლის წინ მოუწია. დაოჯახების შემდეგ, როცა პირველი და მეორე შვილი შეეძინა, უნივერსიტეტში სიარულს და ოჯახის მოვლას ვეღარ ასწრებდა, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწია.
„1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახი რომ შევქმენი და ორი შვილი მეყოლა, მეუღლემ მითხრა, უნივერსიტეტისთვის თავი დამენებებინა. მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ძალიან ვდარდობდი, მაგრამ ოჯახი მაინც ოჯახია“, - ამბობს მეგი.
ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, 2022 წელს რეზერვისტთა რიგებში ჩაეწერა.
„გავიგე თუ არა აღვფრთოვანდი. გავარკვიე, რომ ძალიან ბევრი ქალი დარეგისტრირდა და კმაყოფილები იყვნენ. დავრეგისტრირდი, სამედიცინო შემოწმება გავიარე და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. უნდა ვიცოდეთ იარაღის დაშლა-აწყობა, მერე რა, რომ ქალი ვარ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ჩემს შვილებს ხომ არავინ დატოვებს სახლში, მეც მზად ვიქნები და ჩემს სამ ვაჟკაცთან ერთად გავალ ბრძოლის ველზე, დავიცავ ჩემს სამშობლოს. ჩემი მეუღლეც ჯარისკაცი იყო, მისმა საქმიანობამაც იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე“, - ყვება მეგი ადგილობრივ მედიასთან.
იხილეთ ასევე: