დღეს, 25 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველტაო რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაციის ამ ეტაპზე თბილისის ბაღებში ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს, მესამე ეტაპისთვის 7 500-მდე თავისუფალი ადგილია და რეგისტრაციის შესაძლებლობა 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ.
ბავშვის ბაღში დარეგისტრირება შესაძლებელია აქ მითითებულ ბმულზე -
საყოველთაო რეგისტრაცია. თბილისის საბავშვო ბაღებში წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია. ახალი წესი გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი.
17 ივლისს რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, როდესაც საბავშვო ბაღში დარეგისტრირება მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეეძლოთ, თუმცა როგორც მშობელთა დიდი ნაწილი აცხადებს, მათ ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, მშობლების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ჩანს, დღეს, დილის 10 საათზე დაწყებულ მესამე ეტაპზეც ვერ ხერხდება პატარების ბაღებში დარეგისტრირება.
„არ იყო ადგილები და რისთვისაა რეგისტრაცია თუ უკვე შევსებული გაქვთ?", „არსად აღარ დარჩა ადგილი და ნეტავ სად მეპატიჟებით დასარეგისტრირებლად", „თემქაზე არცერთი ადგილი აღარ დარჩა 2 წლიდან, აი, მართლა სად მეპატიჟებით დასარეგისტრირებლად, ვარკეთილში ვატარო ყოველ დილით?", „არ გრცხვენიათ, რამოდენიმე ადგილი მაინც დაგეტოვებინათ მესამე ეტაპის ბავშვებისთვის", „არცერთ ბაღში არაა ადგილები", - წერენ მშობლები სოციალურ ქსელში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი, გოგი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ
სანერვიულო არაფერია და ბაღებში ყველა მსურველის დარეგისტრირება მოხდება. იხილეთ ასევე:სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება, მეთოდოლოგიის დახვეწა, კურიკულუმების განვითარება - საბავშვო ბაღების გეგმები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაანონსა
„ბაღებში ბავშვების ჩარიცხვის მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული“ - კახა კალაძე