დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღები 5 236 244 ლარი დაჯდა, მაგრამ მათი გახსნა გადაიდო - „შენობა უხარისხოა“
22.07.2023

„მეღვრეკისი და ერგნეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია. იქაურ მოსახლეობას ახლა წესით საბავშვო ბაღი უნდა ჰქონოდა. აქვს კიდეც, ოღონდ - დაკეტილი“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც „ფლანგვის დეტექტორმა“ მოამზადა.

მეღვრეკისში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც წესით ორივე სოფელს უნდა მომსახურებოდა, 2021 წელს დაიწყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ქვეყანამ დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიიღო და აქედან, 2 მილიონ 617 ათასი ლარი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობას მოხმარდა. დაპირება, რომ ორი სოფლის მოსახლეობას საბავშვო ბაღი უნდა ჰქონოდა.

ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა. მონაწილეობის სურვილი ექვსმა კომპანიამ გამოთქვა, საბოლოოდ კი ხელშეკრულება კომპანია შპს „პროდიუს ინვესტმენტსთან“ გაფორმდა. მისმა ღირებულებამ 2 820 000 ლარი შეადგინა. ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 1 დეკემბერს მოეწერა, ხოლო ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად სამშენებლო სამუშაოები ხელმოწერიდან 15 დღეში, 16 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, ხოლო აქედან 360 დღის ვადაში სამუშაოები სრულად უნდა დასრულებულიყო. 2021 წლის დეკემბერში სოფელ მეღვრეკისსა და ერგნეთს ახალი საბავშო ბაღი უნდა ჰქონოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 2 617 244 ლარი ჩაერიცხა და ბაღის მშენებლობაც დასრულებულად გამოცხადდა, ბაღი ჯერ მაინც არ ფუნქციონირებს.

„ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, გვეუბნება, რომ შენობა უხარისხოდაა გაკეთებული. ამ ეჭვს ამყარებს აუტვირთავი დოკუმენტები და ფაქტი, რომ თითქმის 1 წელია საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ვერ იწყებს.

არადა, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ 2022 წლის 17 ოქტომბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის  1 მარტიდან 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა და მშენებლობა დასრულდა 4 საბავშვო ბაღში. მათ შორის, მეღვრეკისის საბავშვო ბაღიცაა. დოკუმენტში ნახსენებია, რომ საბავშვო ბაღების აღჭურვა მიმდინარეობს შესაბამისი ინვენტარით და „უმოკლეს ვადაში გაიხსნება“. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 9 თვის შემდეგ, შენობა ისევ დახურულია“, - ნათქვამია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო.

მეღვრეკისის სკოლამდელი დაწესებულება ერთადერთი არაა, რომელსაც აღნიშნული კომპანია გორის მუნიციპალიტეტში აშენებს. მას ასევე ევალებოდა სოფელ მეჯვრისხევში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაც, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 2 619 000 ლარით დაფინანსდა.

ხელშეკრულება 2020 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები აქედან 15 დღეში უნდა დაწყებულიყო და ის კომპანიას 330 დღეში უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენიმეჯერ შევიდა, საბოლოოდ კი სამუშოების დასრულების ვადად 2022 წლის 10 მაისი განისაზღვრა. 2 619 000 ლარი კომპანიას უკვე ჩაერიცხა.

გამოცემას გორის მიუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუმარტეს, რომ ახალი სააღმზრდელო წელი რომ დაიწყება, აღნიშნული ბაღებიც გაიხსნება, თუმცა „გასული წლის აგვისტოში, სააგენტო ამბობდა, რომ მეჯვრისხევში ბაღს სექტემბერში გახსნიდა“...

საერთო ჯამში,  გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ორი საბავშო ბაღის მშენებლობისთვის 5 236 244 ლარი დაიხარჯა.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომლებიც დაბალი კვალიფიკაციის მოტივით გაათავისუფლეს, სასამართლომ სამსახურში აღადგინა

ბაღების აღმზრდელებსა და მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარეს და სათამაშოები დაურიგეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი