დღის თემა
etaloni.ge
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება, მეთოდოლოგიის დახვეწა, კურიკულუმების განვითარება - საბავშვო ბაღების გეგმები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაანონსა
21.07.2023

„უბნების მიხედვით საკმარისი ადგილების რაოდენობა გვაქვს და თბილისის მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული... ჩვენს ვებგვერდზე - Www.kids.org.ge მიმდინარეობს რეგისტრაცია“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა „ბიემჯის“ ეთერში.

გოგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ახალი საწავლო-სააღმზრდელო წელი თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 18 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაღებში ამჟამად აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

თბილისის საბავშვო ბაღებში წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია. ახალი წესი გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი.

17 ივლისს რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო და ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.

25 ივლისიდან კი დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია და თბილისის ბაღებში ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს. მესამე ეტაპისთვის მიღება 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება და რეგისტრაციის შესაძლებლობა 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ექნებათ.

„სრულად დავაკმაყოფილეთ პირველი ეტაპის მოთხოვნა. ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაციის მეორე ეტაპი... აღნიშნული მოთხოვნაც სრულად იქნება დაკმაყოფილებული. 5 000-მდე აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. 25 ივლისს, 10 საათზე კი საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს. კომპლექსურ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ მშობლების და ბავშვების მოთხოვნა საჯარო საბავშვო ბაღებზე. ეს ეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. სექტემბერში სამი ახალი საბავშვო ბაღი შემოგვემატება, წლის ბოლომდე კი 9 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში. ამ ეტაპზე 12 ბაღის პროექტი ხორციელდება და ამ პროექტების დამთავრების შემდეგ, გაზაფხულამდე, 2 000 ადგილი დაგვემატება. უბნები შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო საბავშვო ბაღები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ყველა უბანში ხელმისაწვდომი იყოს თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო საბავშვო ბაღი.

გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ არსებული საბავშო ბაღების მიმართულებით კომპლექსურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს გაუმჯობესებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე ზაფხულში დაგეგმილი გვაქვს 100-ზე მეტ საჯარო საბავშო ბაღში კონკრეტული ღონისძიებები - სარემონტო და კეთილმოწყობითი, რომ გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ჩვენი აღსაზრდელებისთვის. შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი და სრულად დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა და წელს სრულად დავაკმაყოფილებთ ყველას მოთხოვნას, ვინც მოგვმართავს“, - ამბობს გოგი ჩიქოვანი.  

სააგენტოს ხელმძღვანელი ცვლილებებს სასწავლო-სააღმზრდელო მიმართულებითაც აანონსებს და ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მომსახურება იქნება.

„ჩვენი გეგმები ბევრ მიმართულებას უკავშირდება. მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის კიდევ უფრო განვითარება და მეთოდოლოგიის დახვეწა, კურიკულუმების განვითარება იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. მთავარი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება, განვითარება და ბავშვების მხარდაჭერა მათი საუკეთესო ინტერესების დაცვისთის...

ინკლუზიური მიმართულება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი - 2 000-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს ვემსახურებით თბილისის მასშტაბით. უკვე გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და შემოდგომით დამატებით ვგეგმავთ ასევე გარკვეულ სიახლეებს აღნიშული მიმართულებით“, - თქვა გოგი ჩიქოვანმა.

იხილეთ ასევე:

გაეზრდებათ თუ არა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი - „აღმზრდელები საკმაო რაოდენობით გვყავს“

საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასებისთვის 231 000 ლარი გამოიყო - თანხა სამ სკოლამდელ დაწესებულებაზე განაწილდება
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი