ბათუმის საკრებულოში დღეს, 21 ივლისს, გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განათლების მიმართულებით, ცვლილებები იგეგმება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსებაში. კერძოდ, 3 ახალი საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის პერსონალისათვის შრომის ანაზღაურების მუხლში ემატება 231 000 ლარი.
საბავშვო ბაღების მშენებლობა 3 მისამართზე მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარე ფასადისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
ახალი საბავშვო ბაღები შენდება შემდეგ მისამართებზე:
ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ;
ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. №83;
ბათუმი, ალექსანდრე ნანეიშვილის ქ. №12-ის მიმდებარედ.
გარდა ამისა, საბავშვო ბაღების გამაგრება ხორციელდება ვარშანიძის პირველ ჩიხში, ანდრონიკაშვილისა და ტაბიძის ქუჩებზე, სადაც მიმდინარე ეტაპზე წესრიგდება გარე ფასადი.
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაციის ნაწილში 500 ათასი ლარით დაფინანსდება ბათუმში, პ. მელიქიშვილის N8-ში N4 საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობის (დემონტაჟი-მშენებლობა-გამაგრება-რეაბილიტაცია) მრავალწლიანი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2023-2024 წწ. 2 500 000 ლარს შეადგენს.
იხილეთ ასევე:
გაეზრდებათ თუ არა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი - „აღმზრდელები საკმაო რაოდენობით გვყავს“