„აღმზრდელების გადამზადების კუთხით ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დამტკიცებულია ტრენინგ-მოდულები, რომლითაც ჩვენი პერსონალი გადამზადებას გადის. პერსონალის მიმართულებით ჩვენ გვექნება გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებული იქნება მათი შრომის პირობების გაუმჯობესებასთან და ასევე, კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, თუმცა, ეს კონკრეტული ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება და დღეს 11 500-მდე თანამშრომელი გვყავს საჯარო საბავშვო ბაღებში“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა „ბიემჯის“ პირდაპირ ეთერში.
კითხვაზე, შრომითი პირობების გაუმჯობესებაში იგულისხმება თუ არა ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, ჩიქოვანი ორაზროვნად პასუხობს:
„ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება უახლოეს პერიოდში. წარმოვადგენთ კონკრეტულ ღონისძიებებს და პროექტებს, რომელიც უკავშირდება კიდევ უფრო მეტად ხარისხის განვითარებას, პერსონალის მხარდაჭერას და ინკლუზიურ განათლებას“.
სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე თბილისის საბავშვო ბაღებში თანამშრომლები საკმაო რაოდენობით ჰყავთ და ყველა ჯგუფშია დაცული სტანდარტი, რომელიც უკავშირდება პერსონალის თანაფარდობას ბავშვთა რაოდენობასთან მიმართებაში.
„ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, არ იყო დაცული ეს თანაფარდობა, თუმცა ახალი სააღმზრდელო წლიდან ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი გამოწვევა არ გვექნება“, - ამბობს ჩიქოვანი აღმზრდელ-აღსაზრდელთა თანაფარდობის შესახებ.
იხილეთ ასევე:
აღმზრდელი: „საბავშვო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“
„ყველა ბაღში გვყავს 5 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთა ვალდებულებაა მოამზადონ ინდივიდუალური გეგმა“ - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი