ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის არ არის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება, - ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს ეხება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი და 4 ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრი 5 სააღმზრდელო ჯგუფით ფუნქციონირებს და 1 300 ბავშვის მომსახურება შეუძლია.
„იმისათვის, რომ თითოეულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, - მიიღოს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, საჭიროა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია ადაპტირებული გარემოს მისადაგებით; ახალი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრების გახსნა იმ სოფლებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.
სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ, როდესაც ბავშვი სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე - სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას. ამიტომ ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, ადრეულ ასაკშივე საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა. საბავშვო ბაღის დამთავრებისას, ბავშვს აუცილებელია ჰქონდეს სათანადო სასკოლო მზაობა. ამისთვის კი ხარისხიანი მუნიციპალური სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნაა საჭირო, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღწევა ჯგუფებში აღმზრდელთა და აღსაზრდელთა თანაფარდობით -1:13, 1:15, აღმზრდელთა და სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით; დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობითა და ხელმისაწვდომი, მათ შორის, ღია, მასალებით აღჭურვით; მრავალფეროვანი და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების - ილუსტრირებული წიგნები, ფერადი თვალსაჩინოებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, სხვადასსხვა სახარჯი მასალები და .შ. გამოყენებით, რომელთა ერთობლიობა ხელს უწყობს თითოეული ბავშვის მრავალმხრივ და ჰოლისტურ განვითარებას; უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნით; ამ სფეროში არსებული ყველა სტანდარტისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვითა და დანერგვით“, - ნათქვამია დადგენილებაში.
იხილეთ ასევე: