დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში კონდიციონერების დამონტაჟება გადაიდო
20.07.2023

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კონდიციონერებს შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან მომწოდებლების მიერ შეთავაზება არ დაფიქსირებულა.

სააგენტომ ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა და მას შემდეგ, რაც მომწოდებლების მიერ შეთვაზებების მიღებას დაასრულებს და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს, მოხდება ხელშეკრულების დადება უშუალოდ იმ საბავშვო ბაღებთან, ვისთვისაც ეს კონდინციონერებია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება კი 24 ივლისს მთავრდება.

მიმწოდებელმა გამაგრილებელი სისტემების მიწოდება და მონტაჟი უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 21 კალენდარული დღისა.

შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საზაფხულოდ, ივლისის ბოლომდე მომუშავე საბავშვო ბაღები, ცხელ ზაფხულს ისევ კონდიციონერის გარეშე გაატარებენ.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 120 კონდიციონერის შეძენას აპირებს, რომელთა შესასყიდად 163 900 ლარია გამოყოფილი.

კედელზე დასამაგრებელი ზამთარ-ზაფხულის გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების შესყიდვისა და დამონტაჟების თანხებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საკუთარი სახსრებიდან გაიღებს. მიმწოდებელმა კი ხელშეკრულებები ინდივიდუალურად, თითოეულ საბავშვო ბაგა-ბაღთან უნდა გააფორმოს.

კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაგა-ბაღებში აპირებს აღნიშნული სააგენტო გამაგრილებელი სისტემების დამონტაჟებას, ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერი წერია.

კონდიციონერები, რომლებსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაამონტაჟებენ, უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს და ნორმებს.

თბილისში სულ 187 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

იხილეთ ასევე:

თბილისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს - დეტალები

საბავშვო ბაღის გამგის, უფროსი აღმზრდელის და აღმზრდელის ადგილების დასაკავებლად აქ უნდა გამოცხადდეთ - კონკურსის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი